მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“საქართველოს მომავლის კომერციის ადრეულად ათვისება შეუძლია” — ინტერვიუ ტარეკ მუჰმუდთან, Visa-ს რეგიონულ პრეზიდენტთან

ინტერვიუ ტარეკ მუჰმუდთან, Visa-ს რეგიონულ პრეზიდენტთან
18.02.26 09:44
554
სტატიაში საუბარია:

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა (CEMEA) Visa-ს ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონია, რომელიც 86 განსხვავებულ და დინამიკურ ბაზარს აერთიანებს. 2025 წელს, მის რეგიონულ პრეზიდენტად ტარეკ მუჰმუდი დაინიშნა. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, მუჰმუდი BMG-ის ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, გაციფრულებაზე, AI კომერციის ახალ ერასა და ფულის მოძრაობის მომავალზე ესაუბრა.

1. თქვენ Visa-ს ყველაზე სწრაფად მზარდ რეგიონს, CEMEA-ს ხელმძღვანელობთ. რა განსაზღვრავს გადახდების ინდუსტრიის არსებულ მდგომარეობას რეგიონში?

ამ მიმართულებით, ახლა გარდამტეხ მომენტს ვადევნებთ თვალს. ტექნოლოგიური ინოვაციები, მომხმარებელთა ახლებური მოლოდინები, ასევე კერძო და საჯარო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ინდივიდებისა და ბიზნესებისთვის გარე სამყაროსთან ინტერაქციის ფორმას ცვლის. ეს კომერციის ბუნებაზეც აისახება. პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს, ისტორიაში პირველად, მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული გადახდების ნახევარი, ბარათის მონაცემებით განხორციელდება. CEMEA-ს მასშტაბით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ნაღდი ფულის წილი პირად მოხმარებაში 80%-დან 60%-მდე შემცირდა, რაც გვიჩვენებს, რომ ციფრული გადახდები ახალ სტანდარტად იქცა.

კომერციაც ვითარდება - ფიზიკური ვაჭრობიდან ელექტრონულ კომერციაზე გადავედით, შემდეგ მობილურ კომერციაზე, ახლა კი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციის ჯერია, რომლის დროსაც მომხმარებლებისთვის ტრანზაქციებს AI აგენტები ახორციელებენ. ამ პროცესის სათავეში ის ბაზრები მოექცნენ, რომლებიც ინოვაციური ეკოსისტემით, სანდოობით და კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობით ხასიათდება.

2. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფებით. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები და როგორ ხედავთ საქართველოს როლს CEMEA-ს რეგიონში?

ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ვიზიტია. ქართული კულტურითა და სტუმართმოყვარეობით მოვიხიბლე, თუმცა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ქვეყნის ამბიციამ და ინოვაციებისადმი ღიაობამ მოახდინა. საქართველო კარგი მაგალითია, რომ მკაფიო ციფრული ხედვის მქონე ნებისმიერი ზომის ბაზარს არსებითი ცვლილებების განხორციელება შეუძლია. 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, სადაც Visa ოპერირებს, საქართველო უკონტაქტო გადახდების შეღწევადობის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. საქართველოში განხორციელებული თითქმის ყველა Visa ტრანზაქცია უკონტაქტოა, რაც ნდობასა და ტექნოლოგიურ სიმწიფეს უსვამს ხაზს. ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის პოზიციას, სტარტაპების მზარდი ეკოსისტემა, დინამიკური ფინტექ სექტორი და ძლიერი საბანკო სისტემა განამტკიცებს.

3. რა ტიპის პარტნიორული ურთიერთობებით დაეხმარება Visa საქართველოს ციფრული ევოლუციის პროცესში?

Visa-სთვის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. საჯარო და კერძო სექტორებს შორის ეფექტური პარტნიორობის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან, სახელმწიფო ორგანოებთან, ფინტექ და ტექნოლოგიურ კომპანიებთან. ეს პარტნიორობა გადახდების ეკოსისტემის გაუმჯობესებაში გვეხმარება, რაც თავის მხრივ, ეკონომიკურ მოდერნიზაციასა და მეტ ფინანსურ ინკლუზიურობას უწყობს ხელს. პარტნიორების დახმარებით ჩვენ ციფრული გადახდების ახლებურ გამოცდილებას ვქმნით, ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ვმონაწილეობთ ფულის მოძრაობის პროცესის გაუმჯობესებაში, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მის საზღვრებს მიღმა. ახლო წარსულიდან ამის მაგალითია Tap to Add Card ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი Visa-ს უკონტაქტო ბარათს ციფრულ საფულეში მარტივი შეხებით ამატებს. ჩვენი მისიაა ქართული ინოვაცია Visa-ს გლობალურ ქსელთან დავაკავშიროთ, რათა თანამედროვე ციფრული ეკონომიკის უპირატესობები სრულად იქნას ათვისებული. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უნაღდო, ინოვაციური მომავლისკენ სვლისას, საქართველოს გვერდით ვიქნებით.

4. Visa ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციის განვითარებაზე მუშაობს. როგორ შეცვლის ის მომავალს და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

ჩვენ კომერციის ახალ ეპოქას ვუახლოვდებით. ფიზიკური ვაჭრობის, ელექტრონული კომერციის და მობილური კომერციის შემდეგ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომერციის დროა - AI აგენტები მომხმარებლებისთვის შესყიდვებს განახორციელებენ. წარმოიდგინეთ, ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია, რომელსაც „მიყიდე“ ღილაკი აქვს. მისი გააქტიურების შემდეგ სამი პროცესი მიმდინარეობს: აგენტი გადახდის ტოკენიზებულ, დამოწმებულ მონაცემებს იყენებს; ინფორმაციის შეტანის დაცული გზების მეშვეობით ის მომხმარებლის სურვილებს შეისწავლის; ბოლოს კი მომხმარებელი განსაზღვრავს წესებს, როგორიცაა ხარჯვის ლიმიტი, კატეგორიები და პრიორიტეტული მერჩანტები. ასეთი მომავლის მხარდასაჭერად შევიმუშავეთ AI აგენტებსა და მერჩანტებს შორის დაცული ინტერაქციის საშუალებები - Intelligent Commerce და Trusted Agent Protocol. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ვაჭრობაში გლობალური ბრენდები მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებენ და 2026 წელს ეს დინამიკა კიდევ უფრო აჩქარდება. ძლიერი ფინტექ ეკოსისტემის დამსახურებით, საქართველო ამ პროცესის ადრეულად ათვისებისთვის ხელსაყრელ მდგომარეობაშია, Visa კი მზად არის მხარდაჭერისთვის.

5. ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესს, თან თაღლითობის ახლებური მოდელების გამოჩენა ახლავს. როგორ ეხმარება Visa საქართველოში მომხმარებლებსა და ბიზნესებს, რომ უფრო დაცულად იგრძნონ თავი?

თაღლითობის ფორმა იცვლება. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, დიპფეიკების, სინთეტიკური ვინაობებისა და კომპლექსური ხრიკების მეშვეობით, უკვე ტრანზაქციების გარდა, ვინაობების მოპარვაც შესაძლებელი ხდება. სანდოობა Visa-ს მისიის ქვაკუთხედია. 2025 წელს, ჩვენ 4.9 მილიარდი მონაცემის გამოყენებით, 257.5 მილიარდი ტრანზაქცია დავამუშავეთ. ბარათების სენსიტიური ნფორმაციის დაცული, ციფრული იდენტიფიკატორებით ჩასანაცვლებლად, Visa-მ მსოფლიოს მასშტაბით 16 მილიარდი ტოკენი გამოსცა. Visa-ს ტოკენებით სარგებლობა საქართველოში 2016 წლიდან არის შესაძლებელი. გასული ხუთი წლის განმავლობაში, თაღლითობის უპრეცედენტოდ დაბალი დონის შესანარჩუნებლად, ტექნოლოგიასა და ინფრასტრუქტურაში 13 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ. თაღლითობის აღმოსაჩენად Visa ხელოვნური ინტელექტის 100-ზე მეტ მოდელს იყენებს. ჩვენმა თაღლითობასთან ბრძოლის გუნდმა, პირველი წლის განმავლობაში, 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების თაღლითობის მცდელობა აღკვეთა.ბიომეტრიული ავთენტიფიკაციისთვის შექმნილი Visa Payment Passkey და მისი მსგავსი სხვა ინსტრუმენტები, ისევე როგორც შიდა ინდუსტრიული თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანი გახდება. 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, მომხმარებლები საქართველოში სიფრთხილით გამოირჩევიან, ჩვენ კი, პარტნიორებთან ერთად, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას გავაგრძელებთ.

6. საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ რეგიონში, მომხმარებელთა მოთხოვნები სწრაფად იზრდება. როგორ უნდა უპასუხონ ამ გამოწვევას ბანკებმა და მერჩანტებმა?

მომხმარებელს ჰიპერ-პერსონალიზებული მოთხოვნები აქვს - მას სურს ინდივიდუალურ სეგმენტად აღიქმებოდეს, რის დაკმაყოფილებასაც სანდოობა და მოქნილობა სჭირდება. ბანკებისა და მერჩანტებისთვის ტოკენიზაცია არის საშუალება მნიშვნელოვანი ინფორმაცია ისე მოიპოვონ, რომ სენსიტიური მონაცემები დაცული დარჩეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია სიჩქარე - მომწოდებლის არჩევისას მომხმარებელი ციფრული გამოცდილების დროულობას ითვალისწინებს.ფინანსურმა ინსტიტუტებმა ახალი ფუნქციები სწრაფად უნდა აითვისონ, რათა მომხმარებლის გამოცდილება რეალურ დროში განვითარდეს. საქართველოს ამ თვალსაზრისით მყარი საფუძველი აქვს, რასაც ციფრულ სერვისებში განსწავლული მომხმარებელი და მერჩანტების განვითარებული ეკოსისტემა განაპირობებს. ახლა მოდერნიზების დაწყება კლიენტებთან მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას და გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას ნიშნავს.

7. როგორია თქვენი პროგნოზები 2026 წლისთვის, გადახდების მიმართულებით და როგორ უნდა მოემზადონ საქართველოს მსგავსი ბაზრები?

2025 წელი ტრანსფორმაციებით იყო გამორჩეული, 2026 წელს კი ეს დინამიკა კიდევ უფრო აჩქარდება. CEMEA-ს მასშტაბით შემუშავებული მარეგულირებელი ჩარჩოს დამსახურებით, ფიატ ვალუტით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები გადახდების სანდო ინფრასტრუქტურის ნაწილია და სპეკულაციურ აქტივებად აღარ ითვლება. ამას გარდა, დაურეგისტრირებელი შესყიდვები, როდესაც მონაცემები ხელით არის შესაყვანი თანდათან ქრება და მის ადგილს იკავებს ტოკენიზებული გამოცდილება, რომლის დროსაც თითის ერთი დაჭერაც საკმარისია. ამის მაგალითია Visa Click to Pay, რომელსაც ქართველ მომხმარებელს სამომავლოდ წარვუდგენთ. ასევე, პროგნოზის მიხედვით 2026 წელი იქნება პირველი, როდესაც გლობალური სამომხმარებლო გადახდების ნახევარი საბარათე მონაცემებით შესრულდება. ჩვენ ველით B2B გადახდების სწრაფ გაციფრულებას, მიკრო-მერჩანტების მიერ ციფრული გადახდების ფართოდ ათვისებას და უწყვეტ ინოვაციებს ციფრული საფულეებისა და დამატებითი ღირებულების სერვისების მიმართულებით.საქართველოსთვის მკაფიო გზავნილი გვაქვს - ციფრული ტექნოლოგიების ტრადიცია, სანდოობა და წარმატებული ფინტექ ეკოსისტემა ქვეყანას ფართომასშტაბიანი ინოვაციების დასანერგად ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს. საგადასახადო ინოვაციების მომდევნო ტალღის მოლოდინში, საქართველოს ყველასთვის სარგებლის მომტანი ეკონომიკის შექმნა შეუძლია. ამ პროცესის მხარდაჭერა Visa-სთვის დიდი პატივია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები