მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გადავრიცხოთ თანხა საზღვარგარეთ ტელეფონის ნომრით? - VISA-ს ახალი ტექნოლოგია

VISA
სტატიაში საუბარია:

ამერიკული VISA მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც პლასტიკური საბანკო ბარათების წარმოებასთან ერთად, უამრავ ტექნოლოგიას ავითარებს, რომელთა მიზანს - ტრანზაქციების გაციფრულება წარმოადგენს. ამ მხრივ, ტრანზაქციები აღნიშნავს, როგორც ლოკალურ გადარიცხვებსა და მიღებული პროდუქტისა თუ სერვისისთვის გადასახდელ სალდოს, ასევე საერთაშორისო გადარიცხვებს.

საერთაშორისო გზავნილების კუთხით, VISA-მ ახალი ტექნოლოგია დანერგა, რომლითაც საცალო და იურიდიულ კლიენტებს საზღვარგარეთ თანხის გადარიცხვა სმარტფონის გამოყენებით, მხოლოდ მიმღები პირის მობილური ტელეფონის ნომრის ცოდნით არის შესაძლებელი.

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე ვრცლად TECH INFORM-ში კავკასიაში VISA-ს რეგიონულმა მენეჯერმა, დიანა კიღურაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სერვისის გამოყენება შეუძლიათ, როგორც საცალო მომხმარებლებს, ასევე კომპანიებს, მაგრამ პირველ რიგში, ეს ტექნოლოგია ბანკებმა უნდა დანერგონ.

“დიდი ხანია, რაც VISA მხოლოდ ბარათების კომპანია აღარ არის, მეტიც - ბევრი სერვისი და მომსახურება გვაქვს, რომელიც ბარათებს საერთოდ არ უკავშირდება. ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება - საერთაშორისო გზავნილებს უკავშირდება. ამ მხრივ კი, ორ მიმართულებას გამოვყოფდი, ესენია: P2P-გზავნილები, რომელთაც ფიზიკური პირები ახორციელებენ და B2B-გადარიცხვები იურიდიული პირებისთვის”, - განაცხადა დიანა კიღურაძემ TECH INFORM-ში.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას VISA-ს რეგიონულმა მენეჯერმა P2P და B2B-გადარიცხვების მუშაობის სპეციფიკა ახსნა და შესაბამისი სადემონსტრაციო ვიდეორგოლიც წარმოადგინა, რომელიც დუბაიში მდებარე VISA-ს ინოვაციების ცენტრში დამზადდა.

“ფიზიკური პირებისთვის, VISA-ს ძალიან საინტერესო ახალი სერვისი აქვს, რომლის გამოყენებითაც საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი. ეს დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საბანკო ბარათის ნომერი სენსიტიურ ინფორმაციას წარმოადგენს, თან ის არც დასამახსოვრებლად არის მარტივი და გადასაცემადაც საკმაოდ რთულია.

თუ გჭირდება, რომ საზღვარგარეთ მყოფ მეგობარსა თუ პარტნიორს თანხა გადაურიცხო და მხოლოდ მისი მობილური ტელეფონის ნომერი იცი, შეგიძლია ეს ოპერაცია სმარტფონითვე განახორციელო. პროცესი კი, ასეთია: მომხმარებელი შედის ბანკის მობილურ აპლიკაციაში, სადაც უჩნდება სატელეფონო წიგნაკი და ხედავს, თუ რომელ კონტაქტთან შეიძლება ამ ტექნოლოგიით თანხის გადარიცხვა.

ეს ტრანზაქცია რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით ხორციელდება, რადგან ყოველი ახალი ტექნოლოგიის დანერგვისას, VISA მომხმარებლის გამოცდილებას გაუმჯობესებას და გამარტივებას ითვალისწინებს. ჩვენი მისიაა, რომ ყველა ტექნოლოგია უსაფრთხოდ და მარტივად დაინერგოს”, - განაცხადა დიანა კიღურაძემ TECH INFORM-ში და დასძინა, რომ ამ პროდუქტის დანერგვით, გლობალური საბანკო ქსელი იქმნება და მასში ჩართვა, სურვილისამებრ, ქართულ ბანკებსაც შეუძლიათ.

“ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ ტელეფონის ნომრით თანხის საზღვარგარეთ გადარიცხვა მომხამრებელმა ყველა იმ ადამიანთან შეძლოს, რომლის ნომერიც სატელეფონო წიგნაკში უწერია, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ის ან რომელი ბანკის მომსახურებით სარგებლობს”, - ამბობს დიანა კიღურაძე და დასძენს, რომ ეს ქსელი განკუთვნილია არამარტო VISA-ს ბარათების მფლობელებისთვის, არამედ იმ მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც სხვა კომპანიების საგადასახდელო სისტემებს იყენებენ.

ფიზიკური პირებისთვის შეთავაზებული ტექნოლოგიის გარდა, ამერიკულმა VISA-მ მსგავსი სერვისი იურიდიული პირებისთვის, ანუ კომპანიებისთვისაც გაუშვა. ამ ტექნოლოგიას B2B Connect-ი ჰქვია და, როგორც დიანა კიღურაძემ TECH INFORM-ში განაცხადა, რამდენიმე ქართული ბანკი ამ ტექნოლოგიას უკვე იყენებს.

“ძალიან საინტერესო ახალი ტექნოლოგია B2B-მიმართულებითაც გვაქვს და საქართველოში ის რამდენიმე პარტნიორთან უკვე გავუშვით. ეს ტექნოლოგია, რომელსაც B2B Connect-ი ჰქვია, აგებულია განაწილებული დავთრის ტექნოლოგიაზე, იგივე DLT-ზე (ინგლ. Distributed Ledger Technology), რომელიც ტრანზაქციების გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

თუ ადრე, მსხვილი კომპანიები გადარიცხვებისთვის შუამავალს იყენებდნენ, ამ შემთხვევაში, შუამავალი რგოლი ვარდება, ხოლო ბანკები ქსელში ერთიანდებიან და კლიენტებს გადარიცხვების გამჭვირვალე, უსაფრთხო და ეფექტიან შესაძლებლობას სთავაზობენ, რადგან ასე საგრძნობლად მცირდება ტრანზაქციის ღირებულება”, - განაცხადა კავკასიაში VISA-ს რეგიონულმა დირექტორმა, დიანა კიღურაძემ TECH INFORM-ში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ VISA უდიდესი გლობალური კომპანიაა, რომელიც საქართველოში ოპერირებს. დღევანდელი მონაცემებით, VISA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $526 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის რიგით მე-11 უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები