„საქართველოს მოქალაქეები ძირითადად უფრო ბიუჯეტურ სასტუმროებს ირჩევენ“, - ამის შესახებ BM.GE-სთან ჰოტელიერმა, მაია მურაჩაშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ქართველი მოსახლეობის ძირითადი სეგმენტი ისეთ კურორტებს სტუმრობენ, როგორიცაა საბავშვო და საოჯახო კურორტები. მაგალითად ბაკურიანი, რომელიც ყველა სეზონზე დატვირთულია.
მისივე თქმით, ქართველებში პოპულარობით სარგებლობს აპარტამენტის ტიპის განთავსების ობიექტები, სადაც მომხმარებელს საკვების ადგილზე მომზადება შეუძლია. მისი ღირებულება მაღალ სეზონზე 150-200 ლარია. ასევე, ხშირად ირჩევენ სასტუმროებს, სადაც სამჯერადი კვება შედის. ასეთი სერვისით სარგებლობა 1 ადამიანზე დაახლოებით 80 ლარითაა განსაზღვრული.
„ჩემი დაკვირვებით, ბაკურიანში დამსვენებელთა 70-80% ქართველია. საქართველოს მოქალაქეები ძირითადად უფრო ბიუჯეტურ სასტუმროებს ირჩევენ. ისეთ კურორტებს სტუმრობენ, როგორიცაა საბავშვო და საოჯახო კურორტები. მაგალითად ბაკურიანი, რომელიც ყველა სეზონზე დატვირთულია.
რაც შეეხება ზღვის კურორტებს, ქართველი მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი აქაც ბიუჯეტურ ალტერნატივებს განიხილავენ. ხოლო, მაღალ ბიუჯეტური სასტუმროების შემთხვევაში, მათ შორის ანაკლიაში, სადაც წლები ვიყავი, ძალიან მცირე იყო ქართველი დამსვენებლები, თუმცა აქტიური იყო ქართული ბიზნეს დელეგაციები. ანუ ბიზნესები უფრო მოდიოდნენ. ეს იქნებოდა ტრენინგები თუ კონფერენციები. იდეაში დღესდღეობითაც არაფერი შეცვლილა“,- ამბობს ჰოტელიერი.