საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ივნისის ბოლოსთვის 7.1 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.8 მილიარდ ლარს მიაღწია.
უახლესი მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 623 ათასი ადამიანია.
ამასთან, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 22,135-მა პირმა ისარგებლა და მათზე პენსიის სახით 89.3 მლნ ლარი გაიცა.
საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივნისი, საპენსიო ფონდის პორტფელებისთვის, მიმდინარე წელს, ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი დინამიკა ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესითა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციით იყო გამოწვეული.
გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულმა ზრდამ განსაკუთრებით პოზიტიურად დინამიკურ პორტფელზე იმოქმედა და ივნისის თვის ამონაგებმა 2.39% შეადგინა. ამავე პერიოდში, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგები, შესაბამისად 1.78% და 1.27% იყო. პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება საერთაშორისო აქციების პროპორციაა:
- დინამიკური – 49.1%
- დაბალანსებული – 31%
- კონსერვატიული – 16.7%
აღსანიშნავია, რომ ივნისის თვის ძლიერი შედეგების ფონზე, დინამიკური პორტფელი ლიდერობს. პორტფელების დაარსებიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე გაწლიურებულმა ამონაგებმა დინამიკური პორტფელისთვის 13.8% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 12.7% და 11.6% იყო.




























