საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წელს ერთ მოსახლეზე მშპ 10,045.5 აშშ დოლარი იყო, მანამდე გამოქვეყნებული შეფასებით კი 10,296.5 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, მაჩვენებელი 251 დოლარით, ანუ დაახლოებით 2.4%-ით შემცირდა. კლება განაპირობა იმ გარემოებამ რომ დღეს საქსტატი მშპ-ის პარამეტრების კალკულაციაში გადავიდა მოსახლეობის ახალ რაოდენობაზე, რაც ეფუძნება 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს.
ახალი შეფასებით, 2025 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობა 3.93 მილიონი იყო, ძველი მონაცემით კი 3.70 მილიონს შეადგენდა. ამავე დროს, საქსტატის განახლებული მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა, რაც წინასწარ შეფასებულ 7.5%-ზე მეტია. მოსახლეობის ახალი პარამეტრების გამოყენებამ კი ერთ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი შეამცირა.
მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება ერთ მოსახლეზე მშპ-ის გაანგარიშებაზეც აისახა. ეს მაჩვენებელი ქვეყნის მთლიანი ეკონომიკური პროდუქტის მოსახლეობის საშუალო წლიურ რაოდენობაზე გაყოფით მიიღება. შესაბამისად, თუ მთლიანი მშპ-ის ზრდა მოსახლეობის ზრდას ჩამორჩება, ერთ მოსახლეზე მშპ მცირდება.
2025 წლის შემთხვევაში, მთლიანი მშპ-ის ნომინალური მოცულობა თავდაპირველ შეფასებასთან შედარებით 3.65%-ით გაიზარდა, 104.6 მილიარდიდან 108.4 მილიარდ ლარამდე. ამასთან, მოსახლეობის გადაანგარიშების შედეგად, მშპ-ის ერთ მოსახლეზე გამოსათვლელად გამოყენებული საშუალო წლიური მოსახლეობის მაჩვენებელი დაახლოებით 6.25%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთ მოსახლეზე მშპ 2.4%-ით შემცირდა და 27 546.9 ლარი შეადგინა.
მსგავსი ცვლილება 2024 წლის მაჩვენებელზეც აისახა. ამ შემთხვევაში, მთლიანი მშპ-ის მოცულობა უცვლელი დარჩა და 93 მილიარდ ლარს შეადგენდა, თუმცა მოსახლეობის გადაანგარიშების შედეგად ერთ მოსახლეზე მშპ 25 144.2 ლარიდან 23 774.6 ლარამდე შემცირდა, რაც 5.4%-იანი კლებაა.
საქსტატის განმარტებით, ერთ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლების განახლება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს უკავშირდება. აღწერის საფუძველზე 2015-2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გადაანგარიშდა, რის შემდეგაც ეროვნული ანგარიშების ერთ მოსახლეზე მაჩვენებლებიც 2015 წლიდან განახლდა.
აღსანიშნავია, რომ ერთ მოსახლეზე მშპ-ის შემცირება თავისთავად არ ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის შემცირებას ან მოსახლეობის კეთილდღეობის გაუარესებას. მოცემულ შემთხვევაში ცვლილება სტატისტიკური გადაანგარიშების შედეგია: ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა გაიზარდა, თუმცა მისი განაწილება მოსახლეობის უფრო დიდ რაოდენობაზე მოხდა.
























