საქართველოს ექნება ძალიან მოკლე დროში მწვანე, ანუ განახლებადი ენერგიის ექსპორტის საშუალება - ეს არის საქართველოსთვის მთავარი ინტერესი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
bm.ge დაინტერესდა, თუ რა როლი ექნება საქართველოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველო იქნება აქტიური განმახორციელებელი.
„დღეს ასეთი გეგმა არსებობს - ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს იტალიური საერთაშორისო კომპანია მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით აკეთებს. მსოფლიო ბანკისგან აღებული სესხით სწორედ სახელმწიფო აფინანსებს ამ პროექტს და მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც აქტიურად არიან ჩართული. შემდეგი ეტაპებიც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება და ამაზე არსებობს ჩვენი ფინანსთა სამინისტროს მზადყოფნა და კონკრეტული მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან. ასე რომ, შემდეგი პრაქტიკული კვლევითი სამუშაოები, რომელიც ზღვაში განხორციელდება, საქართველოს მიერ წარიმართება. ანუ საქართველო იქნება მთავარი წარმმართველი ძალა და ლიდერი პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, რასაც არ უნდა საუბრობდეს და რომელი ქვეყანაც არ უნდა საუბრობდეს, პერსპექტივაში ენერგო შესაძლებლობებზე, ან განახლებადი ენერგიებიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე, საქართველო არის ცალსახად ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა.
„აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მას აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომ აწარმოოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგია, დღეს ის თვითკმარია და აქცენტს აკეთებს ექსპორტზე. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის მხარის განცხადებები იყო გამეორებული სხვადასხვა პარტნიორის მიერ, რომ მათ შორის ეს დამაკავშირებელი ახალი ხაზი საშუალებას მისცემს ევროპას, რომ არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან შეძლოს მიწოდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დასაწყისი ეტაპი. შემდგომ ეტაპზე სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან ამ პროექტში.
რაც შეეხება საქართველოს რესურსებს და შესაძლებლობებს, რასაც არ უნდა საუბრობდეს და რომელი ქვეყანაც არ უნდა საუბრობდეს, პერსპექტივაში ენერგო შესაძლებლობებზე, განახლებადი ენერგიებიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე, საქართველო არის ცალსახად ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია არა მხოლოდ ჰიდროელექტროენერგიის წყაროები და ელექტროენერგიის გენერაციის საშუალება, არამედ საკმაოდ პერსპექტიული პროექტები, ქარისა და მზის ენერგიის კუთხითაც. ამაზე პრემიერი საუბრობდა საკმაოდ მკაფიოდ, როცა ჩვენ განახლებადი ენერგიების პროგრამა დავამტკიცეთ, რომ დაახლოებით 1500 მეგავატი სიმძლავრეების მხარდაჭერა მოხდება, ფასის დაფიქსირების მეთოდით საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის მხოლოდ შემდეგი წლისთვის. ასევე ძველი კონტრაქტები, რომელიც შეჩერებული იყო, 800 მეგავატი დაახლოებით, ამ პროექტების მხარდაჭერა მოხდება და კონკრეტული ხელშეკრულებები გაფორმდება ინვესტორ დეველოპერ კომპანიებთან.
ვსაუბრობთ ასევე ფლაგმან პროექტებზე, რომლებსაც ენერგეტიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ამ პროექტების განხორციელებაში საქართველო იქნება პროაქტიური. საქართველოს ექნება ძალიან მოკლე დროში მწვანე, ანუ განახლებადი ენერგიის ექსპორტის საშუალება - ეს არის საქართველოსთვის მთავარი ინტერესი, თუმცა სატრანზიტო დამაკავშირებელ როლს ასრულებს ბევრი მიმართულებით და ასევე იქნება ენერგეტიკაც. ჩვენთვის მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი არის, რომ ჩვენთან წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტი მოვახდინოთ და ეს დაკავშირება აძლევს საქართველოს განსაკუთრებულ მიმზიდველობას. ზოგადად, საქართველოს საინვესტიციო გარემოს განსაკუთრებით მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, რადგან საქართველოში დღეს შეგიძლია განახორციელო ენერგეტიკული პროექტი და ამ დროს შენ ხდები ენერგეტიკული ბაზრის წევრი.
წარმოიდგინეთ, რომ საქართველო აქაც არის წინა ხაზზე, რადგან საქართველო არის ენერგოგაერთიანების წევრი. შესაბამისად, ჩვენ პოლიტიკის დონეზე ყველაფერი გვაქვს შესრულებული იმისთვის, რომ ელექტროენერგიის ევროპულ ბაზარში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ჩავერთოთ, მივიღოთ მონაწილეობა. შესაბამისად, დღეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორი განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს აღნიშნულ რეგიონებს შორის.