საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group-თან არსებული ხელშეკრულება გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურება ყოველთვიურად 40,000 დოლარის ოდენობით მოხდება, შესაბამისად ის წელს 480,000 დოლარი დაჯდება.
კომპანიის მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციის ვებგვერდზე (FARA) მითითებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ქირაობს მას, რათა მიიღოს დახმარება აშშ-საქართველოს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის.
"რეგისტრანტი იმუშავებს, რათა გააძლიეროს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გზით, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას აშშ-ის კონგრესსა და ადმინისტრაციასთან იმგვარი კომუნიკაციის დამყარებაში, რაც საქართველოსადმი მხარდაჭერას ზრდის. რეგისტრანტი ამასთანავე იმუშავებს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში უფრო მეტი FDI-ის მოზიდვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რეგისტრანტი ამერიკულ და გლობალურ მედიას მიაწვდის ინფორმაციას საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ,"- ნათქვამია ხელშეკრულებაში.
ლობისტურ კომპანიასთან პირველი ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა და ის ყოველწლიურად ხანგრძლივდება. თავდაპირველი ხელშეკრულებით Chartwell Strategy Group-ის სერვისის ყოველთვიური საფასური $65,000 დოლარი იყო.