საქართველოს მთავრობა თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას გეგმავს
BM.GE
05.05.23 23:57
• 502
საქართველოს მთავრობა თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას გეგმავს - პროექტის დეტალებსა და იდეაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. ის, რომ მთავრობას აქვს ინტერესი ახალი აეროპორტი ააშენოს, ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 3 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუმცა მაშინ დეტალებზე არ უსაუბრია. ლაშა ხუციშვილის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია ქვეყანას ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი გააჩნდეს. თუმცა, საქართველოს მთავრობასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ TAV Georgia-სთან არსებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის გარშემო, კერძოდ, აეროპორტის 200 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ამჟამად შეზღუდულია. აღნიშნული ხელშეკრულება 2027 წლამდეა მოქმედი. არსებული ინფორმაციით, ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორია განიხილება. ავიაციის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი დედაქალაქთან ახლოს ორი საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტის არსებობის მიზანშეწონილობას ვერ ხედავს.