მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

5de1421871077
სალომე მეცხვარიშვილი
29.11.19 20:03
2674
2020 წლის ბიუჯეტის კანონის ახალ პროექტში მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. 2020 წლის ბიუჯეტის მესამე გადამუშავებულ ვარიანტში ეკონომიური ზრდა 4.5%-ზეა ნავარაუდევი, რაც ბიუჯეტის მეორე წარდგენის დოკუმენტთან შედარებით 0.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია(მანამდე 5% იყო ნავარაუდევი 2020 წლისთვის).

ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების შედეგად, მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 5.0%-დან მცირდება 4.5%-მდე მომდევნო წლებში კი ეტაპობრივად იზრდება და 5,5%-ის ფარგლებშია პროგნოზორებიული 2023 წლისათვის.

დაკორექტირებულია მშპ-ის დეფლატორის პროგნოზიც, ახალ ვარიანტში ეს მაჩვენებელი 2020 წელს 3.5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში. წინა წარდგენისას კი 2020 წელსა და შემდგომ წლებში კი 3%-ზე იყო ნავარაუდევი.

რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, პროგნოზებში გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი და შეადგენს 3,0%-ს.

დოკუმენტის მიხედვით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 53.1 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2023 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 67,5 მლრდ ლარამდე.

ბიუჯეტის მეორე წარდგენისას კი ფინანსთა სამინისტროს შემდეგი მაჩვენებლები ჰქონდა მიითებული: 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 48.5 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2023 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 62,2 მლრდ ლარამდე.

“გასათვალისწინებელია, რომ მშპ-თან მიმართებაში მაკროეკონომიკურ მაჩვენებელებზე გავლენა მოახდინა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, ახალი მეთოდოლოგიის თანახმად დაკორექტირებულმა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა”,- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები