საქართველოს მთავრობის რიტორიკა ანტიევროპულია და შიშს თესავს, რასაც მე ბოლომდე ვერ ვხსნი, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ეს გერმანიის ელჩის პირველი ინტერვიუა გუშინ, „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ.
ელჩმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა, მას შემდეგ რაც მთავრობამ "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი მიიღო. იგი განმარტავს, რომ ამ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
ამასთან, გერმანიის ელჩისთვის გაუგებარია "ქართული ოცნების" რიტორიკა, რომელიც დასავლეთის მიმართ შიშს თესავს და ავრცელებს დეზინფორმაციას, რის მაგალითადაც "ქართული ოცნების" წევრების მიერ ხშირად გამოყენებული ტერმინი გლობალური ომის პარტია მოიყვანა.
"საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, რამაც გამოიწვია ევროკავშირისა და აშშ-ის მძაფრი კრიტიკა. შესაბამისად, თუ გსურთ კავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად აკრიტიკებთ მას როგორც სახიფათოს და უწოდებთ გლობალური ომის პარტიას [ეს ჩემი ტერმინი არ არის და ჩემი აზრით, ასეთი რამ არც არსებობს], მაშინ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვა – შეგვიძლია თუ არა ჩვეულებრივად ვიურთიერთოთ? ვართ თუ არა ახლა პარტნიორები თუ უკვე აღარ ვართ პარტნიორები. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ.
გარკვეული მიზეზის გამო, რომელსაც ბოლომდე ვერ ვხსნი, მთავრობის მიერ არჩეული იქნა რიტორიკა, რომელიც არის ანტიევროპული და შიშს თესავს. ევროკავშირის ქვეყნები, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი… მიჩნეულია ერთგვარ სახიფათო ქვეყნებად. ჩვენ არ ვართ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, ევროკავშირი არის პროექტი, რომელიც უკავშირდება მშვიდობას. შესაბამისად, ჩვენ გლობალური მშვიდობის პარტია უფრო ვართ. ახლა ითესება ეს რაღაც უცნაური შიში და ვრცელდება დეზინფორმაცია", - განაცხადა მან.