მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მწვანე ტრანსფორმაცია: შვედეთის  დახმარება საქართველოში მდგრადი დაფინანსების გასაძლიერებლად

საქართველოს მწვანე ტრანსფორმაცია
20.06.24 11:55
780

ფინანსური სისტემა, რომელიც ახდენს კაპიტალის ეფექტიან გადანაწილებას მდგრადი განვითარებისთვის, გადამწყვეტი იქნება ნებისმიერი ქვეყნის მწვანე ტრანსფორმაციისა და კონკურენტული ეკონომიკის განვითარებისთვის მომავალ წლებში. ეს სტატია განიხილავს, თუ როგორ იყენებენ შვედეთი და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) ოფიციალურ განვითარების დახმარებას (ODA) საქართველოში მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ქვეყნის მწვანე ტრანსფორმაციას და მის ინტეგრაციას ევროკავშირში.

მსოფლიო ბანკმა შეაჯამა საქართველოს წინაშე არსებული კლიმატის რისკები მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში და კლიმატის ცვლილების გავლენა საზოგადოებაზე, საარსებო წყაროებსა და ეკონომიკაზე. პოლიტიკური, გეოგრაფიული და სოციალური ფაქტორების ერთობლიობის გამო, საქართველო აღიარებულია დაუცველ ქვეყნად კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ და 2020 წლის ND-GAIN ინდექსში 40-ე ადგილს იკავებს 181 ქვეყანას შორის. უფრო გახშირებული სითბური ტალღები ასევე დიდ რისკს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნებისთვის. მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილება გავლენას მოახდენს ბევრ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორზე; სოფლის მეურნეობის სექტორში შემცირდება მოსავალი, ასევე განსაკუთრებით დაზარალდება ტურიზმის სექტორი, როგორც მთიან რეგიონებში, ასევე სანაპირო ზოლის გასწვრივ.[1]

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სცენარები მოითხოვს ინვესტიციებს, რათა აღმოიფხვრას კლიმატის ცვლილების ნეგატიური შედეგები ადამიანის სიცოცხლეზე და შემცირდეს ემისიები, კერძო კაპიტალის მობილიზება ამ მიზნებისთვის რთული ამოცანა აღმოჩნდა. კერძოდ, ინვესტიციები კლიმატის ცვლილების ადაპტაციაში, ასევე ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების სერვისებში შეიძლება არ იყოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის, რადგან ამ საქმიანობას არ მოჰყვება მოკლევადიანი და სწრაფი ფინანსური მოგება.

ამავდროულად, როდესაც საქმე მდგრად ფინანსებს ეხება, საქართველო არის რეგიონული ლიდერი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 2022 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია და დანერგა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები. ბანკების პროგრესული პოზიცია, კერძო სექტორის მაღალ მოტივაციასთან ერთად, კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს მოწინავე პოზიციას მდგრადი დაფინანსების პრაქტიკის დანერგვაში. ეკონომიკის ბევრ უმნიშვნელოვანეს სექტორს აქვს ტრანსფორმაციის ამოუწურავი შესაძლებლობები, სწორი მიდგომების შემთხვევაში: ნარჩენების მართვის გამოუყენებელი პოტენციალი; საქართველოს სამთო სექტორი საჭიროებს ტრანსფორმაციას; მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა სასოფლო-სამეურნეო კომპანიამ დაიწყო უფრო მდგრადი პრაქტიკის დანერგვა, ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი; და ასევე, საქართველოს სატყეო ინდუსტრია უამრავ ახალ და მდგრად შესაძლებლობებს გვთავაზობს.

პოლიტიკური ჩარჩოს არსებობა, ბანკების ინტერესი და მაღალი სამეწარმეო პოტენციალი, განსაკუთრებით მოგებიანს ხდის საქართველოში მდგრად ინვესტიციებს. თუმცა, ცვლილებები არ ხდება საკმარისად სწრაფად და ძირითადი შეზღუდვები ისევ რჩება, მათ შორის არასაკმარისი რესურსები საბანკო ინსტიტუტებში, ინოვაციების დაბალი დონე, მრავალმხრივი ჩართულობისა და კოორდინაციის ნაკლებობა, არასაკმარისი მოკლევადიანი ფინანსური ანაზღაურება და რისკის მაღალი აღქმა. გარდა ამისა, ბევრ ჯგუფს აკლია მოთხოვნების შესაბამისი უნარები და ცოდნა ახალ ეკონომიკაში ადგილის დასამკვიდრებლად. კერძო სექტორის უახლესი დიაგნოსტიკური ანგარიში საქართველოსთვის ხაზს უსვამს, რომ „ინვესტორები ხედავენ გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევებს, პოლიტიკისა და მარეგულირებელ ხარვეზებს, როგორც საქართველოში განახლებადი ენერგიის ინვესტიციების რისკის მთავარ წყაროს“[2]. იმისათვის, რომ საერთაშორისო და ადგილობრივმა ბანკებმა, ფონდების მენეჯერებმა და კერძო ინვესტორებმა დაინახონ ასეთი ინვესტიციების პოტენციალი, რამდენიმე რამ უნდა არსებობდეს: კლიმატის პოლიტიკა, მათ შორის მდგრადი ფინანსური ჩარჩო, ინვესტირებადი მწვანე ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებულია მიწოდების საერთაშორისო ქსელებთან და დაინტერესებული მხარეების ცნობიერების გაზრდა ESG ანგარიშგების მნიშვნელობის შესახებ.

ზემოხსენებული ბარიერების დასაძლევად, Sida-მ ბოლო წლების მანძილზე შეისწავლა თუ როგორ გამოიყენოს ODA, როგორც კერძო კაპიტალის მობილიზების კატალიზატორი. ამის ერთ-ერთი მაგალითი მოიცავს გარანტიებს, რომლებიც ჩვენ ავამოქმედეთ ბაზრის ლიდერ თიბისი ბანკთან და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალთან პარტნიორობით. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა გვთავაზობს უამრავ შესაძლებლობას დასაქმების, ინოვაციებისა და ვაჭრობის კუთხით, ზოგიერთი ჯგუფი და ინდივიდი შრომის ბაზრიდან გარიყვის რისკის ან სხვაგვარი საფრთხის წინაშე დგება. Sida-სთან რისკის გაზიარებით, თიბისი ბანკი და კრისტალი გასცემენ ბიზნეს სესხებს, მათ შორის მანამდე არაბანკირებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომელთა უმეტესობა დაფუძნებულია საქართველოს რეგიონებში. თიბისი გარანტია ისეა შემუშავებული, რომ ბანკისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია დამწყები, ქალების მფლობელობაში მყოფი და ასევე მწვანე ბიზნესების მხარდაჭერა. Sida-ს საგარანტიო სქემის მეშვეობით, რომელსაც მხარს უჭერს შვედეთის მთავრობა, თიბისი ბანკმა შეძლო 1700-ზე მეტი გარანტირებული სესხის გაცემა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომლის საერთო ოდენობამ დაახლოებით 72 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2022 წელს საელჩოს ინიციატივით ჩატარდა თიბისი ბანკის გარანტიის შუალედური შეფასება. შემფასებლებმა დაადგინეს, რომ ეს გარანტია არის ეფექტიანი ინსტრუმენტი კერძო სექტორის სახსრების მობილიზებისთვის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოებისთვის. ამ ინსტრუმენტმა შესაძლებლობა მისცა თიბისი ბანკს გააფართოვებინა იმ მიკრო და მცირე საწარმოების დაკრედიტება, რომელთაც შეზღუდული ხელმისაწვდომი უზრუნველყოფა ჰქონდათ; ზემოხსენებული საწარმოების მოცვას რასაცბანკი გარანტიის გარეშე ვერ შეძლებდა. გარანტირებული სესხის მიმღებ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტერვიუებმა მსესხებელთა უმეტესობისთვის ძალიან პოზიტიური შედეგები აჩვენა, კერძოდ: ადრეულ ბიზნეს შედეგებთან მიმართებით, რადგან მათი სამი მეოთხედი აღნიშნავდა გაყიდვების, მოგების და დასაქმების ზრდას იმ ინვესტიციების შედეგად, რომლებსაც აფინანსებდნენ თავიანთი სესხებით.

საქართველოში განვითარებული პოზიტიური ცვლილებებით ინსპირაციით, Sida-მ გააძლიერა ჩართულობა მდგრად დაფინანსებში და მწვანე საბანკო სექტორის განვითარებაში. 2023 წლის დასაწყისში, საქართველოში არსებული სპეციფიკური საჭიროებებისა და პირობების უკეთ გასაგებად ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში, შვედეთის საელჩომ ითანამშრომლა Sida-ს მრჩევლებთან სტოკჰოლმის სათავო ოფისში. ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა საქართველოს ფინანსური სექტორის სიღრმისეული ანალიზი, განსაკუთრებით ახლად დაწყებულ ტაქსონომიასა და მის შესაბამისობაზე ევროკავშირის ტაქსონომიასთან, ეკონომიკაში ცირკულირების დონის გაზრდის შესაძლებლობებსა და მწვანე დაკრედიტებაზე. Sida ამჟამად მუშაობს იმ საკითხზე, თუ როგორ გაამრავლოს ODA-ს ეფექტი კლიმატის ცვლილების ადაპტაციასა და ბიომრავალფეროვნებაზე რისკის გაზიარების გარანტიების, გამოწვევის ფონდებისა და ფინანსური ინსტიტუტებისა და სესხის მიმღებთათვის ტექნიკური დახმარების საშუალებით. გამოწვევის ფონდები, როგორიცაა „წყალი და ენერგია სურსათის ფონდისთვის“, გამოყენებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო სექტორის ინოვაციებისთვის, რათა შემცირდეს კლიმატის უარყოფითი გავლენა და მოხდეს ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა[3]. გამოყენებული იქნა გარანტიები ინვესტორების წინაშე არსებული რისკების აღმოსაფხვრელად განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების საჯარო დაფინანსების საქმეში[4]. Sida-ს ასევე შეუძლია მხარი დაუჭიროს პროექტის შემქმნელებს ინვესტორებისთვის წარსადგენი საბანკო პროექტების შემუშავებაში ტრანზაქციის საკითხებში კონსულტირებისა და ტექნიკური დახმარების სხვადასხვა ფორმის საშუალებით.[5]

წინ მიმავალ გზაზე, შვედეთის მიზანია მაქსიმალურად გამოიყენოს საქართველოს ამჟამინდელი მზაობა და მიმდინარე ინიციატივები. ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ თანამოაზრე დონორები მდგრადი დაფინანსებისა და უფრო კოორდინირებული განვითარების მხარდაჭერის ირგვლივ.

საქართველომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორი მიმართულებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს შესაბამის მხარეებს ქმედებისკენ მოვუწოდოთ: ფინანსურმა ინსტიტუტებმა და კომპანიებმა უნდა მიიღონ აქტიური მონაწილეობა მდგრადი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებაში.

შვედეთის კიდევ ერთი მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UNGCNG), რომელიც 178 წევრს აერთიანებს, გეგმავს მდგრადი დაფინანსების პროგრამის შექმნას საქართველოში. ეს პროგრამა მოიცავს სამოქმედო პლატფორმის კვარტალურ შეხვედრებს, ყოველწლიურ კამპანიას, კომპანიების ინდივიდუალურ მენტორობას, მცირე და საშუალო ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას და სხვა კოორდინირებულ ძალისხმევას სებ-თან. პროგრამის უპირველესი მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიებსა და ქმედებებს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.

საქართველოში მდგრადი დაფინანსების შემდგომი წახალისების მიზნით, UNGCNG წარადგენს მდგრადი დაფინანსების კატეგორიას კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ყოველწლიურ კონკურსში „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“. ეს ნომინაცია მიზნად ისახავს წაახალისოს კომპანიები, რომლებიც ამ სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ. გარდა ამისა, ქვეყანაში ცნობიერების ამაღლების ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, UNGCNG კორპორაციული მდგრადობის აკადემია განახორციელებს მოკლე კურსს ქართულ ენაზე მდგრადი დაფინანსების შესახებ, რომელიც მორგებული იქნება ფინანსურ სექტორზე.

შვედეთი აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რისთვისაც ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მწვანე და მდგრად ეკონომიკაზე გადასვლას. საქართველოს კერძო სექტორისთვის, კონკურენტუნარიანობა და წვდომა რეგიონულ, ევროკავშირის და საერთაშორისო ბაზრებზე დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გახდიან კომპანიები მდგრადობას მათი ბიზნეს მოდელის მთავარ ამოსავალ პრინციპად. თუმცა, მთავარ გამოწვევად რჩება საკმარისი კერძო კაპიტალის მობილიზება კარგად დამკვიდრებულ ბიზნესებში, ისევე როგორც ახალ საწარმოებში, ცირკულირების დონის გაზრდა უფრო ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის გზები და მდგრადი პრაქტიკის დანერგვა. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას. შვედეთი და Sida ხელს უწყობს გააძლიეროს ერთიანი ძალისხმევა საქართველოს მწვანე ტრანსფორმაციის გზაზე, მათ შორის დონორთა კოორდინაციით, მწვანე დაკრედიტებით, მარეგულირებლის, ბანკებისა და კერძო სექტორის მობილიზაციით.

სტატია მომზადებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, ჟურნალისთვის - SUSTAINABILITY SPOTLIGHT (იანვარი-მარტი, 2024)

[1] 15836-WB_Georgia Country Profile-WEB.pdf (worldbank.org)

[2] Georgia Country Private Sector Diagnostic (ifc.org)

[3] Water and Energy for Food (we4f.org)

[4] Investment protection offered by Trine | Trine Help Center

[5] https://openaid.se/contributions/SE-0-SE-6-10680

ავტორები:

თინათინ გენებაშვილი, პროგრამის ოფიცერი, შვედეთის საელჩო საქართველოში

სოფია ალტაფი, კატალიზური განვითარების ფინანსური მრჩეველი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო

ჰენრიკ ჰანსონი, კატალიზური განვითარების ფინანსური მრჩეველი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები