მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ CO2-ს აფრქვევს საქართველო ატმოსფეროში?

644ea0b56542f
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.23 20:40
1187
საქართველოს ეკონომიკა გლობალური ეკონომიკის მხოლოდ 0.02%-ს ქმნის, არც მოსახლეობის მხრივ აქვს საქართველოს განსაკუთრებული შედეგი, რადგანაც 3.7 მილიონი მაცხოვრებელი პლანეტის მოსახლეობის 0.05%-ია.

იმის გაზომვა თუ რა გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკას გლობალურ კლიმატზე უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს, რადგანაც გაფრქვეული CO2-ს დათვლა დამოკიდებულია ათობით ცვლადის ზუსტ აღწერაზე. იქნება ეს ქვეყნის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის თუ სხვა სექტორების მიერ მოხმარებული ენერგომატარებლების მოცულობა და ამ ენერგომატარებლების კომპოზიცია კონკრეტული კატეგორიების მიხედვით. ამჟამად დათვლილია საქართველოს 2019 წლის ემისიების მაჩვენებელი, რაც 9.4 გიგატონა CO2 ექვივალენტს შეადგენდა. 2018 წელთან შედარებით ემისიების ეს მოცულობა 7%-ით მეტი იყო, ხოლო 2013 წელთან შედარებით საქართველოს ჯამური ემისიები 37%-ით იყო გაზრდილი.

საიდან გაიფრქვა ეს სათბური აირები? - განაწილება სექტორების ჭრილში:

• ტრანსპორტი - 41%, ანუ 3.9 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
• საყოფაცხოვრებო შენობების გათბობა - 21%, ანუ 2 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
• მრეწველობა - 17%, ანუ 1.57 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
• ენერგეტიკა - 15%, ანუ 1.45 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
• სხვა კომერციული სექტორები - 5%, ანუ 0.4 გიგატონა CO2 ექვივალენტი;

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ამავე წელს მსოფლიომ 35 მილიარდი გიგატონა CO2 ექვივალენტი გააფრქვია, შესაბამისად, საქართველოს ემისები მსოფლიო გაფრქვევების მხოლოდ 0.3%-ს შეადგენდა.

პარიზის კლიმატის შეთანხმებას 2015 წელს საქართველოც მიუერთდა. ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის დააფიქსიროს შემდეგი შედეგი: საქართველოს ემისიები 2030 წელს უნდა იყოს 1990 წლის ემისიებზე 35%-ით ნაკლები.

კარბოემისიები პირდაპირ არის დაკავშირებული ინდუსტრიულ სიმძლავრეებთან. საბჭოთა კავშირის დამხობასთან ერთად საქართველოს ქარხნების საკვამურებიდან ნაცრისფერი გამონაბოლქვის გაფრქვევაც შეწყდა. 2000-იანების დასაწყისში ქარხნების ნაწილმა თანდათანობით განაახლა მუშაობა, თუმცა ქვეყნის კარბოემისიები კვლავ იმაზე დაბალია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყო. 1990 წელს საქართველოს, მისი ინდუსტრიისა და ეკონომიკის კარბოემისიებმა 16 მილიონი ტონა შეადგინა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში ქვეყნის მშპ 5 წლის ვადაში ⅔-ით დაეცა, ამას ასახავს მსოფლიო ბანკის კარბოემისიების სტატისტიკაც, რომელიც ამ პერიოდში CO2-ის 7-ჯერ ვარდნას იუწყება 16 მილიონი ტონიდან 2.3 მილიონ ტონამდე. რა იყო ამ ემისიებში შეშის ღუმლის და ნავთქურის წილი, მითითებული არაა. 90-იანების მეორე ნახევრიდან ეკონომიკამ კვლავ ზრდა დაიწყო, 2000-იანებიდან მოყოლებული კი ქარხნების ნაწილი გაიხსნა, მაგრამ იმ მოცულობის ემისიებამდე მისვლა, რაც საბჭოთა პერიოდში იყო, თეორიულად გამორიცხულია.

საქართველოს მსგავსად არაერთი ქვეყანა დღეს იმაზე ნაკლებ ემისიებს გამოყოფს, ვიდრე ეს 30-40 წლის წინ ხდებოდა. საუბარია დასავლეთ ევროპაზე, აშშ-ზე, იაპონიასა და სხვა ქვეყნებზე. თუმცა მზარდი ეკონომიკის და მზარდი მოსახლეობის მქონე ქვეყნები, პირიქით, ემისიების ზრდის პროცესში იმყოფებიან.

აშშ-მა ემისიების პიკს 2007 წელს მიაღწია და ეს 6.13 მილიარდი ტონა იყო, 2020 წელს კი 4.7 მილიარდამდე შემცირდა. რუსეთისთვის პიკი 1990 წელს იყო, 2.53 გიგატონით, 2020 წელს კი ეს 1.6 მილიარდი ტონა იყო.
ჩინეთის შემთხვევაში კი პირიქით, ემისიები მაღალი ტემპებით იზრდება და ყოველ წელს რეკორდულ დონეს აღწევს. ნავარაუდებია, რომ ეს მატება მომდევნო ათწლეულშიც გაგრძელდება, 2050 წლისთვის კი დასტაბილურდება და შემდეგ კლებას დაიწყებს.

მსოფლიო ბანკი ემისიების შეფასების გათანაბრების მიზნით, ეკონომიკის მიერ გაფრქვეული CO2-ის ერთ მოსახლეზე შეფარდების მეთოდს იყენებს. ამ კალკულაციით, მთელი მსოფლიოს წლიური ემისია 4.75 ტონაა ერთ ადამიანზე. საქართველოსთვის ეს მაჩვენებელია 2.77 ტონა, რუსეთში – 11.6 ტონა, აშშ-ში კი 16.1 ტონა. ანუ საქართველოს მაჩვენებელი მსოფლიო საშუალოზე დაბალია. ავსტრიაში ეს მაჩვენებელი ერთ მოსახლეზე – 7.7 ტონა, ესტონეთში კი 10.5 ტონაა.

არაერთ ქვეყანას პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება. მაგალითად, გერმანიამ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის 1990 წელთან შედარებით ემისიები 40%-ით შეემცირებინა. 1990 წელს სათბური აირების ემისიები 1.1 მილიარდ ტონას შეადგენდა, 2020-ში კი 776 მილიონ ტონას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები