საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიის უდიდესი პოტენციალის გამოყენება, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და ციფრული ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებას შეუწყობს ხელს.
ამ კვლევის შესახებ დღეს გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ალფონსო გარსია მორამ ისაუბრა. მორა აღნიშნავს, რომ IFC-იმ კვლევა ჩაატარა იმ მიზნით, რათა გამოეკვლია თუ რა საკითხებზე ფოკუსირება დაეხმარება საქართველოს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში გადანაცვლებაში. ალფონსო გარსია მორა ხაზს უსვამს იმაზე, რომ საკვანძო საკითხი უნდა იყოს მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაც, რადგანაც სწორედ SME სექტორი არის ქვეყანაში სამუშაო ძალის ⅔-ის დამსაქმებელი,
“საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ჩვენ გვინდა, რომ შევხვდეთ მთავრობას, ასევე კერძო სექტორს და დაინტერესებულ მხარეებს თუ როგორ შეგვიძლია ქვეყნის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი.
გამოქვეყნდა კერძო სექტორის დიაგნოსტიკური კვლევა. ეს არის კერძო სექტორის შეფასება, რაც მსოფლიო ბანკთან ერთად განვახორციელეთ. ვარკვევთ თუ რა არის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორები კერძო სექტორისთვის.
საქართველო საკმაოდ კარგად ვითარდება მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ქვეყანას სჭირდება რომ გადავიდეს განვითარების მომდევნო ეტაპზე და გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ამისთვის მეტი მუშაობაა საჭირო. ძირითადი მიზანი ამ შეფასების არის ის თუ რა არის საჭირო ამის მისაღწევად. ეს არის ერთი ასპექტი, რომელიც კრიტიკულია ამ ანალიზში, ეს არის მცირე ბიზნესი. ქვეყანაში არსებული ფირმების 99% მცირე ბიზნესს წარმოადგენს, ისინი მთლიანი სამუშაო ადგილების მხოლოდ 63%-ს ქმნიან და წარმოების დამატებული ღირებულების 61%-ს. ამიტომ კვლევის კითხვას თუ როგორ შეგვიძლია ავამაღლოთ ქართული ფირმების პროდუქტიულობა, როგორ შეგვიძლია რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო ეფექტური იყოს.
ჩვენ განვსაზღვრეთ სამი სექტორი, რომელიც არის ძირითადი ამ მხრივ და სადაც საქართველოს აქვს კონკურენტული უპირატესობა. ერთ-ერთი სექტორია განახლებადი ენერგია, ეს არის ძირითადი სექტორი გლობალურად, რადგანაც მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების გამოწვევა. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და აქ საუბარია 18 გიგავატზე, აქედან მხოლოდ 20% არის ათვისებული. ამიტომ ძირითადი კითხვა უნდა დავსვათ თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა გავზარდოთ ეს წილი და ვაწარმოოთ ენერგია არამხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის, არამედ ექსპორტისთვის.
მეორე არის ლოგისტიკა და ტრანსპორტი. საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის, შესაბამისად აბსოლუტურად კრიტიკული მდებარეობა აქვს ქვეყანას და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს რეალურად შეუძლია გახდეს ლოგისტიკის ჰაბი, თქვენ ხართ რეალურად ცენტრში ევროპასა და აზიას შორის და თქვენ შეგიძლიათ განავითაროთ თქვენი ლოგისტიკა გააძლიეროთ თქვენი ტრანსპორტი და გააგრძელოთ შუა დერეფნის შექმნა.
მესამე მიმართულებაა ციფრული ბიზნესი. მნიშვნელოვანია ინოვაციების მხარდაჭერა, საამისოდ საჭიროა დიგიტალიზაცია და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა. საქართველო ღიაა ინოვაციებისთვის, და ეს ინოვაციები უნდა დაინერგოს ყველა მიმართულებით, იქნება ეს განათლება, საფინანსო სფერო, ჯანდაცვა, უნდა შეიქმნას ახალი სტარტაპები რომლებიც დანერგავენ და გამოიყენებენ ახალ ინოვაციებს და ტექნოლოგიებს. ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს ეკონომიკის პროდუქტიულობას”, - აღნიშნა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ალფონსო გარსია მორამ.