მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საქართველოს მთავარი გამოწვევები? - IFC-ის კვლევა

IFC

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიის უდიდესი პოტენციალის გამოყენება, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და ციფრული ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებას შეუწყობს ხელს.

ამ კვლევით IFC-იმ საქართველოს კერძო სექტორის მრავალმხრივი დიაგნოსტიკური შეფასება მოამზადა, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს შესაძლებლობები და სირთულეები კერძო სექტორის ზრდის დასაჩქარებლად.

დადებითი ტენდენციების მიუხედავად, სახეზეა რიგი სტრუქტურული გამოწვევები, მათ შორისაა, პროდუქტიულობის ზრდასთან და მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. მართალია, ქვეყანაში ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოა შექმნილი, მაგრამ ციფრული სერვისების შედარებით დაბალი განვითარება, ბიზნესში ინოვაციური მიდგომების ფართო დანერგვას აფერხებს. კვლევა განსაზღვრავს იმ ძირითად დარგებს, რომლებსაც კერძო სექტორის განვითარების დაჩქარების პოტენციალი აქვს. კვლევაში ასევე აღნიშნული პოტენციალის ასათვისებლად საჭირო რეკომენდაციებია თავმოყრილი.

“რეფორმებს ძირითად სექტორებში შეუძლია საქართველოს ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის რეალიზაციაში, გლობალური ღირებულების ჯაჭვში მონაწილეობის ზრდაში და პროდუქტიულობის ამაღლებაში. კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა უმნიშვნელოვანესი იქნება და IFC მზადაა მხარი დაუჭიროს ქვეყანას ამ მიმართულებით”, - აღნიშნა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ალფონსო გარსია მორამ.

„საქართველოს აქვს პოტენციალი კიდევ უფრო გააფართოოს კერძო სექტორის განვითარების პროცესი. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ამის მიღწევა შესაძლებელია კანონებისა და რეგულაციების აღსრულებისა და პროგნოზირებადობის ამაღლებით, ასევე, კავშირებისა და ლოგისტიკის, ციფრული ტრანსფორმაციისა და მწვანე ინვესტიციების, როგორც ეკონომიკური ზრდის კატალიზატორების მხარდაჭერით“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.

განახლებადი ენერგია: საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს - 18 გიგავატი, საიდანაც მხოლოდ 20%-ზე ნაკლებია ათვისებული. ამ პერსპექტივის გამოსაყენებლად ქვეყანას სჭირდება მკაფიო პოლიტიკა, რეგულირებისა და ნებართვების სისტემა და სტიმულირების მდგრადი სქემები.

ტრანსპორტი და ლოგისტიკა: საქართველო, როგორც კავკასიის და ცენტრალური აზიის კარიბჭე ისწრაფვის, რომ რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ქვეყანას, სხვა ასპექტებთან ერთად, საზღვაო პორტების სიმძლავრის გაფართოება, ინფორმაციის ნაკადებისა და მონაცემთა წვდომის გაზრდა, და სარკინიგზო ოპერაციების გაუმჯობესება სჭირდება. შუა დერეფნის გასწვრივ კავშირების გაუმჯობესება საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

ციფრული ბიზნესი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მოწინავეა ზოგიერთი მიმართულებით, მაგალითად მსოფლიო ქვეყნების პირველ სამეულში შედის უკონტაქტო გადახდების სფეროში, ციფრული ბიზნესის განვითარება დაჩქარებას საჭიროებს. ელექტრონული კომერცია და ფინტექი მნიშვნელოვანი პოტენციალით გამოირჩევა. ამ სექტორის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ციფრული უნარების განვითარების დაჩქარებაა საჭირო. მაგალითად, მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს აქვს საბაზისო უნარები პროგრამირებაში. ქვეყანას სჭირდება პროგრამირების უნარ-ჩვევების გაძლიერება, ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირება და ადრეულ ეტაპზე დაფინანსება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები