საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანია GEOTEST AG-ის ექსპერტის, დანიელ ტობლერის თქმით, საქართველოს მყინვარების საფრთხეების შესწავლას 1-2 წელი დასჭირდება. ექსპერტმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა და ვიზიტის შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ შამუგიასთან შეაჯამა. ვიზიტის ფარგლებში, ტობლერმა სააგენტოს სპეციალისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე არსებული მყინვარული ხეობები ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერა.
„ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესებისა და ლოკაციების შესახებ ინფორმაცია. ვიცით, ვინ და საიდან უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ გვეცოდინება ცხელი წერტილები და ყველაზე კრიტიკული ადგილები. რაც შეეხება ნაბიჯებს, პირველი ნაბიჯი მოიცავს კრიტიკული სფეროების საფუძვლიან შემოწმებას, პოტენციური სცენარების იდენტიფიცირებას, ადგილზე პროცესებში აქტიურ ჩართულობას და შემდეგ ამ სცენარების შესასწავლად და მოსამზადებლად სიმულაციების განსაზღვრას. ამ აქტივობებზე დაყრდნობით, უნდა შეიქმნას მონიტორინგის სისტემა, მოხდეს საფრთხის მართვის პრაქტიკასთან ინტეგრირება და მკაფიოდ განისაზღვროს საფრთხეების მართვის გეგმა. ეს წაიღებს 1-2 წელს, ჩვენ გვაქვს ადგილები შვეიცარიაში, რომლის დეტალურ შეფასებას სამი წელიც კი დასჭირდა“, - განაცხადა დანიელ ტობლერმა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიასთან GEOTEST AG გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება მიმდინარე წელს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობაში განხორციელდება კვლევები, მომდევნო 2 თვის განმავლობაში მოხდება კონკრეტული, პოტენციური გლაციალური საფრთხისა და მასთან არსებული ცხელი წერტილის იდენტიფიცირება, რომლის შემდეგაც, შვეიცარიული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და სააგენტოს საბოლოო დოკუმენტს წარუდგენს.