2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 4 611 გემი შემოვიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გემების ტიპების მიხედვით განსხვავებულ დინამიკას აჩვენებს. ამ პერიოდში ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5.36 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც წლიურად 33%-იანი ზრდაა.
საქსტატის მონაცემებით, შემოსული გემების ყველაზე დიდი ნაწილი 47.3% გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი გემები იყო. 24.9% თხევადი ტვირთმზიდები, 19.3% კი კონტეინერმზიდები იყვნენ. დარჩენილი 8.5% ნაყარი ტვირთმზიდი და სპეციალიზებული გემების წილად მოდიოდა.
წინა წლის II კვარტალთან შედარებით, საქართველოში:
- ნაყარი ტვირთმზიდი გემების რაოდენობა 39.1%-ით გაიზარდა;
- კონტეინერმზიდების რაოდენობა 34.8%-ით გაიზარდა;
- თხევადი ტვირთმზიდების რაოდენობა 17.3%-ით გაიზარდა;
- გენერალური ტვირთის გადამზიდი გემების რაოდენობა 2.3%-ით გაიზარდა;
- სპეციალიზებული გემების რაოდენობა 65%-ით შემცირდა.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების ყველაზე დიდი წილი პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მოდიოდა - 19.1%.
მეორე ადგილზე თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები იყვნენ - 15.2%, მესამეზე კი ლიბერიის - 11.3%. კიდევ 7.2% მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 47.3% სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ რეგისტრირებულ გემებს შეადგენდა.
გემების რაოდენობის ზრდასთან ერთად, II კვარტალში ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სულ გადამუშავებულმა ტვირთმა 5 364.5 ათასი ტონა, ანუ დაახლოებით 5.36 მლნ ტონა შეადგინა. ეს 2025 წლის II კვარტალთან შედარებით 33%-ით მეტია.
გადამუშავებული ტვირთის სტრუქტურაში:
- 47.8% გენერალურ ტვირთზე მოდიოდა;
- 30.5% - თხევად ტვირთზე;
- 21.7% - ნაყარ ტვირთზე.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა 4.7 ათასი მგზავრი მოემსახურა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 54.5%-იანი ზრდაა.
მგზავრთა საერთო ნაკადში გასული მგზავრების წილი უფრო მაღალი იყო და 53.2% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული სტატისტიკის წყაროა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.




























