საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუცია თავზე დაიხია. ამის შესახებ ის ვიდეომიმართვაში აცხადებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.
"მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გულის სტკივა. გული ყველას უნდა გვტკიოდეს, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია.
მეცოდება ყველა პარლამენტარი, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი. იციან, რომ იქნებიან რამდენიმე კვირით თუ თვით, არ ვიცი, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ არანაირი უფლება არ გააჩნიათ. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და ისტორიაში შევა როგორც სამარცხვინო კადრი მისალმების თუ დაჩოქების. სამაგიეროდ არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს.
არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზდონ იმისთვის, რომ ძალიან მალე, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის. თუ რამეს ვხედავთ, ის არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა და საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად. ეს დრო ნამდვილად მოდის. დღეს ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არაა, რომ ყოველ დღე მაინცდამაინც ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობა არის მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების და იმის, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი ყველასი ერთად.
მე როდესაც გადავწყვეტ რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით, გეტყვით რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.