მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რამდენი მოქალაქე დასაქმდა გერმანიაში ლეგალურად? - ანგარიში

დასაქმება

2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში გერმანიაში ლეგალურად 1 201 საქართველოს მოქალაქე დასაქმდა.

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, საქართველოს მთავრობას უკვე აქვს გარკვეული შედეგები. კერძოდ, გაფორმებულია ორმხრივი შეთანხმებები გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბულგარეთსა და ისრაელთან.

ამასთან, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება ამოქმედდა. შედეგად საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი 13-მა საშუამავლო კომპანიამ მოიპოვა.

სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიები ვალდებულნი არიან, წელიწადში ორჯერ წარადგინონ შესაბამისი ანგარიშები მათ მიერ გაწეული საშუამავლო საქმიანობის თაობაზე.

„საშუამავლო კომპანიების მიერ საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მათ მიერ საზღვარგარეთ დასაქმდა 1086 საქართველოს მოქალაქე“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოსა და გერმანიას შორის ლეგალური დასაქმების მიმართულებით პარტნიორობის შეთანხმებას 2020 წლის თებერვალში მოეწერა ხელი. პროგრამის პრაქტიკული განხორციელება კი 2021 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო. 2022 წლიდან პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, გერმანელ დამსაქმებლებს მიეცათ საშუალება საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია და მიეწვიათ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით.

2023 წლის 19 დეკემბერს კი საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.

შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც შედის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში.

შეთანხმების საფუძველზე გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურების სფერო.

შეთანხმება ასევე, ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ.

მოცემული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცირკულარული მიგრაციისა და შრომითი ლეგალური მიგრაციის გაძლიერება, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები