მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რეგიონის ენერგეტიკულ ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს - Tata Power-ის დირექტორი

636688562c7c1
გიორგი თოლორდავა
05.11.22 20:30
786
უმსხვილესი ინდური ენერგეტიკული კომპანიის, Tata Power-ის გენერალურმა დირექტორმა, პრავირ სინამ BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბუნებრივი რესურსების მხრივ საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს და მას საკმაოდ მარტივად შეუძლია რეგიონის ენერგეტიკულ ჰაბად იქცეს.

"ვფიქრობ, საქართველოს ძალიან დიდი ბუნებრივი პოტენციალი აქვს. თითქმის 300 მდინარე, მსოფლიოს მასშტაბით ასეთი რესურსის მქონე ქვეყანა ძალიან ცოტაა. გარდა ამისა, საქართველოს მზის და ქარის განვითარების დიდი პოტენციალიც აქვს.

თუ შეხედავთ ოფიციალურ მონაცემებს, დღეს თუ 3,000 მეგავატის ჰიდრო ენერგიის გენერაციაა საქართველოში, ამ მოცულობის 15-დან 20,000 მეგავატამდე გაზრდის შესაძლებლობა არსებობს. ეს ძალიან დიდი პოტენციალია. იგივე შეიძლება ითქვას ქარის ენერგიაზეც – თითქმის 2,000 მეგავატი და მზის ენერგიის მიმართულებით – დაახლოებით 3–5 ათასი მეგავატი. საქართველოში მიწის დიდი ნაკვეთებია, რომლებიც ჯერ ათვისებული არ არის. 200–დან 300 დღემდე მზიანი ამინდია.

თუ ამ სრულ პაკეტს კომბინაციაში შევხედავთ და თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი მსოფლიო ორიენტირებულია სუფთა და მწვანე ენერგიის განვითარებაზე, ვფიქრობ, მზის, ქარის და ჰიდრო ენერგიის ჰიბრიდული განვითარება საიმედო, მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგომომარაგების საფუძველი იქნება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. საქართველომ თავისუფლად შეიძლება შეითავსოს ენერგეტიკული ჰაბის როლი რეგიონში და მის მიღმაც", - განაცხადა Tata Power-ის დირექტორმა.

ცნობისთვის, Tata Power–ი, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორია. ამ კომპანიის სახელზეა 187 მგვტ–ი სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა. ჯამური ინვესტიცია 550 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. დღეს ჰესზე დაახლოებით 100 ადამიანი მუშაობს. 

Tata Power–ი Tata Group-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. Tata Group–ი მსოფლიოს ექვს კონტინენტზე, 100 ქვეყანაში ოპერირებს და გლობალურად 935 000 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები