საქართველოს რკინიგზამ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესაძენად საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 თანამედროვე ელექტრომატარებლის შეძენა და ექსპლუატაციაში გაშვება.
უწყება წერს, რომ ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, კვლევის მიზანია პოტენციური მიმწოდებლებისთვის პროექტის მასშტაბისა და შესყიდვის სავარაუდო სტრატეგიის გაცნობა, ასევე ბაზრის შესაძლებლობების, ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მიწოდების ვადებისა და შესყიდვის პირობების შესახებ დარგის წარმომადგენელთა მოსაზრებების მიღება.
მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება შესყიდვის სტრატეგიისა და სატენდერო პირობების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად.
კომპანიის შეფასებით, ახალი ელექტრომატარებლების შეძენა ხელს შეუწყობს მგზავრთა მომსახურების ხარისხის, საიმედოობისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდასა და ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას.
ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზა, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვის საერთაშორისო პროცედურას დაიწყებს. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და შესაბამისი პროცედურების შესაბამისად განხორციელდება.




























