მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა აუცრელ თანამშრომლებს PCR ტესტის წარდგენას ავალდებულებს - პროფკავშირი

611bade2eb467
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 17:10
7853
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წერილობითი რეკომენდაციების საპასუხოდ, საქართველოს რკინიგზას ადმინისტრაციამ სპეციალური ბრძანება (პროტოკოლი) გამოსცა - ინფორმაციას ამის შესახებ თავად პროფკავშირები ავრცელებენ.

საქმე ისაა, რომ 13 აგვისტოს რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას თანამშრომელთა მასობრივ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, წერილობით რეკომენდაციას გაუგზავნა, სადაც ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებდა.

დღეს კი მათივე ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზამ პროტოკოლი გამოსცა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცენენ ვაქცინირებული და არავაქცინირებული თანამშრომელბი. BM.GE-ი რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წერილობითი რეკომენდაციების საპასუხოდ, საქართველოს რკინიგზას ადმინისტრაციამ სპეციალური ბრძანება (პროტოკოლი) გამოსცა:

1. დასაქმებულმა, რომელსაც არ ჩაუტარებია Covid-19 საწინააღმდეგო აცრა, უზრუნველყოს ყოველი კვირის ორშაბათს, გამოცხადებამდე არაუგვიანეს 48 საათის პერიოდში ჩატარებული Covid-19 ანტიგენის სწრაფი ტესტის პასუხის უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;

2. დასაქმებულს, რომელსაც არ აქვს ჩატარებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (ერთი ან ორი დოზა) და ისარგებლებს შვებულებით, შვებულების დასრულების შემდეგ, უშუალო ხელმძღვანელთან უნდა წარადგინოს PCR ტესტის პასუხი (არაუგვიანეს გამოცხადებამდე 72 საათის განმავლობაში);

3. დასაქმებულს, რომელიც აიცრება Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, ეძლევა უფლება ვაქცინაციის ჩატარებიდან 48 საათი პირველი და მეორე დღე), არ გამოცხადდეს სამუშაოზე. გაცდენილი საათები ჩაეთვლება საპატიოდ და ანაზღაურდება;

4. დასაქმებული, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იტარებს ვაქცინაციას, ვალდებულია შესაბამისი ცნობა წარუდგინოს სამედიცინო დეპარტამენტს;

5. დასაქმებულებმა, რომელებმაც გადაიტანეს კორონა ვირუსი, წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების გავრცელება იწყება გამოჯანმრთელების დღიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდგომ;

6. დასაქმებული, რომელიც Covid-19_ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, ასევე, სიმპტომური გამოვლინების, საზღვრის კვეთის და/ან ვირუსის დადასტურების შემთხვევაში მიმართავს თვითიზოლაციას, ვალდებულია შეატყობინოს ადმინისტრაციას და შეტყობინებაში მიუთითოს მისამართი, რომელზეც იმყოფება იზოლაციის პერიოდში;

7. დაევალოს კონტროლის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტს, უზრუნველყოს თვითიზოლაციაში მყოფი პირების მხრიდან იზოლაციის პირობების დაცვის კონტროლი;

8. დაევალოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს უზრუნველყონ დასაქმებულების ინფორმირებულობა და ვაქცინაციის მსურველთა დახმარება;

9. დაუშვებელია თვითიზოლაციაში მყოფი პირების სამსახურში გამოძახება!

10. დასაქმებულის მხრიდან ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კერძოდ, სამსახურში გამოცხადებისას ტესტის პასუხის არ წარმოდგენის შემთხვევაში, დასაქმებული არ იქნება დაშვებული სამუშაოზე, რა შემთხვევაშიც აღნიშნული დღეები დასაქმებულს ჩაეთვლება არასაპატიო გაცდენად; მსგავსი შემთხვევების გამეორებისას დასაქმებულის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას კომპანიის შინაგანაწესით გათვალისწინებული მკაცრი დისციპლინური ზომა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ ატაროთ პირბადე და დაუყოვნებლივ ჩაიტაროთ ვაქცინაცია!

შეგახსენებთ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ვირუსით გარდაიცვალა 47 და დაინფიცირდა 6 208 ადამიანი
გავუფრთხილდეთ პირველ რიგში საკუთარ თავს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები