მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა დაცვის მომსახურების ტენდერზე განმარტებას აკეთებს

6478aa069a883
BM.GE
01.06.23 23:25
838
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, რკინიგზის დაცვის მომსახურების 8-მილიონიანი ტენდერი სავარაუდოდ მორგებული იყო ერთ კონკრეტულ კომპანიაზე, რომელმაც ამ შესყიდვაში გაიმარჯვა. TI საქართველო მიუთითებს, რომ პრეტედენტების გამოცდილებასთან დაკავშირებული ჩანაწერი შესაძლოა ყოფილიყო შემზღუდველი ფაქტორი, რის გამოც მასში გამარჯვებულად კომპანია “ინტერსექიურითი ჯორჯია” გამოვლენილიყო.

BMG-იმ ტენდერთან დაკავშირებული კითხვებით საქართველოს რკინიგზას მიმართა. სადაც აცხადებენ, რომ ამ ტენდერში არსებული არცერთი პირობა კონკურენციის შემზღუდველი არ იყო.

საქართველოს რკინიგზის განმარტება დაცვის მომსახურების ტენდერთან დაკავშირებით:

“სს „საქართველოს რკინიგზა“ წლებია, რაც ახორციელებს სხვადასხვა ტიპის შესყიდვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, იგი სრულყოფილად აცნობიერებს მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ აკრძალვებს და მეტიც, განსაკუთრებული სიფრთხილით უდგება, ნებისმიერი გადაწყვეტილების ეტაპზე, საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვის საკითხებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას, რომლისათვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია საქმიანი რეპუტაცია.

2022 წლის 1 აგვისტოს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წერილით საქართველოს რკინიგზას ეცნობა, რომ 2022 წლის აგვისტოს თვიდან, სახელფასო პოლიტიკის გადახედვის საფუძველზე, შეიცვლებოდა მანამდე არსებული ტარიფები. შედეგად, თუკი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან 2022 წლის 03 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით დაცვის მომსახურების ყოველთვიურ ღირებულებად განისაზღვრა 1 081 084,38 ლარი დღგ-ს ჩათვლით, 2023 წლის აპრილის თვეში ანალოგიურ მომსახურებაზე ყოველთვიურმა ტარიფმა შეადგინა - 1 433 531,22 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. არსებული ვითარების გათვალისწინებით, სს „საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება დაცვითი მომსახურების ტენდერის გზით შესყიდვის თაობაზე, რის შედეგადაც მოხდა რკინიგზის ობიექტების დაცვის მომსახურების სახეობების დაყოფა და მიმწოდებელი ორგანიზაციების დიფერენცირება. კერძოდ, დაცვის მომსახურების ღირებულებად, რაც საჭიროებს მომსახურე პერსონალის ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვას და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოსადგენს 2023 წლის 03 მაისის ხელშეკრულებით დაცვის განისაზღვრა თვეში - 298 162.4 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. რაც შეეხება NAT230002726 ტენდერს, მასში გამარჯვებულ კომპანია „შპს ინტერსექიურითი-ჯორჯიასთან“ 2023 წლის 20 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს - 764 837.24 ლარს დღგ-ს ჩათვლით. შესაბამისად წლის ჭრილში დაცვის ორივე ტიპის მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ 1 062 999.64 ლარი შეადგინა, დღგ-ს ჩათვლით და სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ წლიურად ასანაზღაურებელი თანხის ეკონომიამ 4.5 მილიონი ლარამდე შეადგინა.

რაც შეეხება ტენდერით დადგენილ მოთხოვნებს, პრეტენდენტების გამოცდილებასთან დაკავშირებით - შესყიდვის განხორციელებისას პრეტენდენტებისათვის წაყენებულმა მოთხოვნებმა ადეკვატურად უნდა ასახონ შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები და ამავდროულად, არ დაარღვიონ სამართლიანობისა და არადისკრიმინაციული მიდგომის პრინციპები. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის მოცულობასა და კომპლექსურობას უამრავი ფაქტორი განაპირობებს, კერძოდ დასაცავი ობიექტები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გადანაწილებული და ასევე მოიცავს ტვირთების/მატარებლების გაცილებას. პრეტენდენტებისთვის დაწესებული მოთხოვნა 20 წლიანი დაცვის მომსახურების გამოცდილების თაობაზე ემსახურება იმ მიზანს, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ობიექტების დაცვა განხორციელდეს გამოცდილი და რეპუტაბელური კომპანიის მიერ, რაც სავსებით ლეგიტიმური მიზანია შემსყიდველის, როგორც სტრატეგიული ობიექტის, ინტერესების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე. აღნიშნული მოთხოვნის არსებობის ფაქტი არ გამხდარა სადაო არცერთი პრეტენდენტის მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გამოცდილების შესახებ დაწესებული მოთხოვნები არის პროპორციული და არადისკრიმინაციული.

საქართველოში უსაფრთხოების დაცვის სექტორში მოღვაწე კომპანიებს შორის მინიმუმ 7 კომპანიაა, (მაგალითისთვის იხილეთ: შპს „უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ ს/კ 204994159; შპს „სიგმა ჯგუფი“ ს/კ 204997156; შპს „ჯეო გარდი“ 211 402454; შპს „ნაია“ ს/კ 205001781; შპს „Georgia Security“ ს/კ 204436976; შპს „დელტა სერვისი“ ს/კ 200080740; შპს „ცენტურიონი“ ს/კ 202053749) რომელიც სრულად აკმაყოფილებს ტენდერით დადგენილ გამოცდილების მოთხოვნებს. შესაბამისად, ნათელია, რომ არ არსებობს კონკურენციის შემზღუდველი არცერთი ფაქტობრივი გარემოება და გამოცდილების დადასტურების მიზნით NAT230002726 ელექტრონული ტენდერით დადგენილი მოთხოვნები სრულად შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის, ჯანსაღი კონკურენციისა და შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული/თანასწორი მოპყრობის პრინციპებს, რაც სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან,”- ნათქვამია კომპანიისგან მიღებულ წერილობით პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები