მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფორმის ახალი ფაზა- ფინანსთა სამინისტრო სამი სახელმწიფო კომპანიის 50%-იანი წილის მმართველი გახდა

64b0552a79ffd
ნინო ტაბატაძე
14.07.23 00:00
928
სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ფაზაში გადადის. ფინანსთა სამინისტრო ეტაპობრივად, სახელმწიფო კომპანიების 50%-იანი წილის მმართველი ხდება.

საწარმოთა კორპორატიზაციის ფარგლებში, უწყებას საპილოტედ შერჩეული სამი სახელმწიფო კომპანიიდან    „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 50%-იანი წილი მართვაში უკვე გადაეცა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების მართვაში ასევე 50%-იანი წილით რჩება ეკონომიკის სამინისტრო. ფინანსთა სამინისტროს ასევე გადაეცემა "საქართველოს რკინიგზის" 50%-იან წილი. მთავრობას ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.  

მთავრობა ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით მოწესრიგდება საწარმოების ფლობის პოლიტიკა, რაც დააბალანსებს კომპანიების მართვაში დარგობრივ და ფინანსურ ინტერესებს.

ის, რომ საწარმოების აქციონერები თანაბრად გახდებიან ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები ჯერ კიდევ გაზაფხულზე გახდა ცნობილი, როდესაც ფინანსთა მინისტრი „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში პარლამენტს სტუმრობდა.

მინისტრის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, თუმცა ეკონომიკური და ფინანსური კუთხით, მათი რესურსი არასაკმარისადაა რეალიზებული, რაც წლების განმავლობაში გამოიხატებოდა ამ საწარმოების მიერ განცდილ ფინანსურ ზარალსა და ხშირ შემთხვევაში, ბიუჯეტზე დამოკიდებულებაში.

„რეფორმის მთავარი მიზანია, რომ ეს საწარმოები გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელი და ბიუჯეტსა და ეკონომიკაში დადებითი წვლილის შემტანი. 2022 წელი სახელმწიფო საწარმოების დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით, მსხვილმა საწარმოებმა, დადებითი შედეგებით დახურეს, თუმცა განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ ფინანსური სიჯანსაღისა და რისკიანობის თვალსაზრისით, გამოწვევები მნიშვნელოვანია, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ეკონომიკური შოკებისას“, - აღნიშნული იყო მოხსენებაში.

აღსანიშნია, რომ სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის პირველ ეტაპზე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ერთად, შეირჩა სამი საპილოტე კომპანია - „საქართველოს რკინიგზა“, „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და „აეროპორტების გაერთიანება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები