მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მირზა გელაშვილი: 2022 წელს სახელმწიფო ელექტროსისტემა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა

6479d5228d3c0
თელარა გელანტია
02.06.23 20:01
873
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მირზა გელაშვილის შეფასებით, 2022 წელს სახელმწიფო ელექტროსისტემა ფინანსურად მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. მინისტრის მოადგილეს არ დაუსახელებია კონკრეტული რიცხვები, მაგრამ თქვა, რომ შარშან სახელმწიფო კომპანიის მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საპილოტე საწარმოს წარმოადგენს. რეფორმის უმთავრესი მიზანი საწარმოების ეფექტიანობის გაზრდაა. 2022 წლის საქმიანობის ანგარიშგება კომპანიას ჯერ არ გაუსაჯაროებია.

„საქართველოს ელექტროსისტემა და არა მარტო ის, გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა. კომპანიების მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის მათმა საოპერაციო მოგებამ; ასევე გარკვეული წვლილი შეიტანა ეროვნული ვალუტის გამყარებამ, რადგან მათ უცხოურ ვალუტაში მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვთ. პანდემიის დროს კი, ლარის გაუფაუსერების გამო, მათ ჰქონდათ ზარალი, თუმცა წინასწარი მონაცემებით, რომელიც გვაქვს, სახელმწიფო საწარმოების ფინანსური შედეგების, მოგების უმეტესი ნაწილი საოპერაციო მოგების ხარჯზეა.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო საწარმოებს კვლავ აქვთ ისეთი რისკები, რომელზეც ბევრი სამუშაოა გასაწევი. ეს რისკები, ძირითადად, არის ფინანსური პორტფელის გაჯანსაღება, მათი სავალუტო და სხვა ეგოზგენური მოწყვლადობის შემცირება და ჩვენ ამ მიმართულებით ვცდილობთ, რომ შევიმუშაოთ მექანიზმები, რომლითაც ამ რისკებს შევამცირებთ“, - თქვა მირზა გელაშვილმა.

წამყვანის კითხვას - რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო ელექტროსისტემაში დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობა - ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასე უპასუხა: „სამეთვალყურეო საბჭო არის კორპორაციული მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ჩვენი მნიშვნელოვანი მიზანი, რომელზეც ჯერ არ მივსულვართ, არის ის, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის პრაქტიკა შეიცვალოს... ამ ეტაპზე საბჭოს საქმიანობის შეფასება ადრეა. თან უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ სამეთვალყურე საბჭო არ განსაზღვრავს ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას. ეს კომპლექსური საკითხია“.

როგორც ცნობილია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ერთად, შერჩეულია სამი საპილოტე საწარმო, სადაც 2023 წელს რეფორმის ელემენტების დანერგვა უნდა დაიწყოს. ესენია: „საქართველოს რკინიგზა“, „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“.

„რეფორმა ამ საწარმოებშიც დაიწყება და იქაც დაინიშნება დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო“, - თქვა მირზა გელაშვილმა და იქვე დასძინა, რომ საბჭოს წევრები კონკურსის წესით შეირჩევა, რომელიც ჯერ არ გამოცხადებულა.

ცნობისთვის: სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში წელს შემუშავდება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, მოაწესრიგებს საწარმოების ფლობის პოლიტიკასაც. კერძოდ, საწარმოების აქციონერები თანაბრად გახდებიან ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, რაც ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეფასებით, კომპანიების მართვაში დარგობრივ და ფინანსურ ინტერესებს დააბალანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები