მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ვალის აღების უფლება რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდსაც არ ექნება

6478d08eb20dc
თელარა გელანტია
01.06.23 22:00
960
„საპარტნიორო ფონდს“, რომელსაც მალე „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა, ახალი ვალდებულებების აღების უფლება რეფორმირების შემდეგაც არ ექნება.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ „საქართველოს განვითარების ფონდის“ დაფინანსების წყარო არც სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება.

საქმე ის არის, რომ 2017 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით, საპარტნიორო ფონდს რეფორმირებამდე ახალი პროექტების დაფინანსება, შესაბამისად, ახალი ვალების აღება აეკრძალა და რამდენიმე წელია, ის, ფაქტობრივად, უმოქმედო იყო. ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ კითხვას წარმოადგენდა - რა იქნებოდა რეფორმირებული ფონდის დაფინანსების წყარო.

საინტერესოა ის გარემოება, რომ საპარტნიორო ფონდის რეფორმირების შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში უცვლელია ფონდის დაფინანსების შესახებ არსებული მუხლები. შესაბამისად, ფონდს შეუძლია თანხები მოიზიდოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, ასევე გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რომ ფონდში კაპიტალის შენატანი განახორციელოს მისმა “დამფუძნებელმა” ანუ მთავრობამ, თუმცა როგორც დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ „წერტილში“ განაცხადა, არ იცვლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულები ანუ აკრძალვა რჩება ძალაში და არც ბიუჯეტი იქნება დაფინანსების წყარო.

- ამ ეტაპზე საკანონმდებლო სისტემით რამდენიმე საკითხი მოწესრიგდა. პირველი - მსხვილი სახელმწიფო საწარმოები გამოვიდნენ საპარტნიორო ფონდიდან, ვინაიდან ისინი მოექცნენ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში; მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ის, რომ შეიცვალა მართვის მოდელი - თუ აქამდე საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ წარმოდგენილი, ახლა ეს მოდელი იცვლება; ამის სურვილი თავად საპარტნიორო ფონდმა გამოთქვა, რომ ჰყავდეს დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო და მართვის მოდელი შეესაბამებოდეს კორპორაციული მართვის მოდელს. რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, ამაზე გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულები ანუ აკრძალვა რჩება ძალაში და არც სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება საქართველოს განვითარების ფონდის დაფინანსების წყარო.

- შესაძლოა, ფონდის დამფუძნებელმა ანუ მთავრობამ ფონდის კაპიტალში შენატანები გააკეთოს?

- როგორც უკვე აღვნიშნე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტი არ იქნება დაფინანსების წყარო.

- მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ, საიდან და როგორ მოიზიდავს საპარტნიორო ფონდი ახალ დაფინანსებას?

- ამ ეტაპზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვაქვს შეთანხმება, რომ საპარტნიორო ფონდი არ მოიზიდავს ახალ დაფინანსებას, როგორც ეს არის შეთანხმების დოკუმენტში. ეს შეთანხმება არ გადაიხედება და რჩება ძალაში.

- ამ ვითარებაში რეფორმირებული საპარტნიორო ფონდი როგორ შეძლებს ახალი პროექტების განხორციელებას?

- ეს დამოკიდებულია საპარტნიორო ფონდის ხედვაზე, როგორ შეძლებენ თავიანთი აქტივების ოპტიმიზაციას და ა.შ.

„საქართველოს განვითარების ფონდი“ „საპარტნიორო ფონდის“ ნაცვლად - რა იცვლება?


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები