მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოები ადგილობრივ ბაზარზე ლარის ობლიგაციებს გამოუშვებენ - ფინანსთა სამინისტროს გეგმა

ფინანსთა სამინისტრო ფასადი

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო საწარმოები, რომელთაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, ადგილობრივ ბაზარზე ლარის ობლიგაციებს გამოუშვებენ.

როგორც BMG-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა განუცხადა, სახელმწიფო კომპანიების კაპიტალის ბაზარზე გასვლის მიზანი მათთვის სავალუტო რისკების შემცირება და დადებითი ფინანსური მაჩვენებლების შენარჩუნებაა.

ამასთან, მისი თქმით, პარალელურად კვლავ გრძელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. მათ შორის მსხვილ კომპანიებში სამეთვალყურეო საბჭოების ჩამოყალიბების და კორპორატიზაციის პროცესი.

„ბოლო პერიოდში სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია და ჩვენი მიზანია, რომ ეს დადებითი შედეგები შენარჩუნდეს. მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, სახელმწიფო კომპანიებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება სავალუტო და ეროვნული ვალუტის გაუფასურების რისკები. შესაბამისად, ვგეგმავთ, რომ ამ რისკების შესამსუბუქებლად იმ სახელმწიფო საწარმოებს, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ, წვდომა გავუზარდოთ ადგილობრივ დაფინანსებაზე. ვმუშაობთ, რომ სახელმწიფო საწარმოებმა ადგილობრივ ბაზარზე ლარის ობლიგაციები გამოუშვან და იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ კონკრეტული გეგმის წარდგენას“, - განაცხადა მირზა გელაშვილმა.

სახელმწიფო საწარმოების ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გასვლის გეგმებზე ფინანსთა მინისტრის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს წარუდგინა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბოლო წლებში საწარმოების მოგებიანობის დადებითი ტენდენციის მიუხედავად, საწარმოები ეკონომიკური შოკების მიმართ მოწყვლადები რჩებიან და ამიტომ უმთავრესი ამოცანა პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები