მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოები ხაზინის მომსახურებაზე გადადიან, თუმცა ბანკში დეპოზიტის გახსნა მაინც შეეძლებათ - ცვლილება

გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით სამთავრობო სექტორს მიკუთვნებულ სახელმწიფო კომპანიებს კომერციულ ბანკებში დეპოზიტის გახსნა შეეძლებათ.

კაკაურიძე ამ ცვლილების საჭიროებას განმარტავს იმით, რომ 2027 წლიდან სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული საწარმოები (270 კომპანია) სრულად სახაზინო მომსახურებაში მოექცევა, რაც უფრო დიდი რეფორმის ნაწილია და მის შედეგად ფინანსთა სამინისტროს ექნება ამ საწარმოების მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე სრული მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, თუკი აღნიშნულ საწარმოებს ექნებათ გარკვეული მოცულობის აკუმულირებული თანხები, ამ სახსრების კომერციული ბანკების დეპოზიტებზე განთავსების შესაძლებლობა ექნებათ, რათა აღნიშნული ნაშთისგან ფინანსური სარგებელი მიიღონ. ამასთან, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მომდევნო 3-წლიანი სტრატეგიის შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

BMG: სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ სადეპოზიტო ანგარიშების გახსნის შესაძლებლობა ექნებათ. უფრო მეტი რომ გვითხრათ ამ ცვლილების შესახებ.

გიორგი კაკაურიძე: ეს არის მარტივი საკითხი, ტექნიკური საკითხია. როდესაც საჯარო სამართლის იურიდიული პირები გადავიდნენ ხაზინის მომსახურებაზე, მათ მივეცით უფლება, რომ თანხა, რომელიც აკუმულირებული აქვთ დეპოზიტებზე გახსნან საბანკო ანგარიშზე, გადაიტანონ და დამატებითი შემოსავალი მიიღონ ამით. იგივე შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო საწარმოებსაც. 2027 წლიდან ყველა საწარმო, რომელიც არის სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული, იქნება ხაზინის მომსახურებაზე, შესაბამისად, მათაც შეეძლებათ დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით მათ ანგარიშებზე არსებული თავისუფალი სახსრები განათავსონ კომერციულ ბანკებში და მიიღონ დამატებითი შემოსავალი.

BMG: სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით რეფორმირებაზე მინდა გკითხოთ. დღეს მოცემულობით რა კონკრეტული შედეგები გვაქვთ?

გიორგი კაკაურიძე: რეფორმის შედეგებს რაც შეეხება, გვაქვს ფინანსური ზედამხედველობის ნაწილი საკმაოდ გაზრდილია, რაც თავისთავად უკავშირდება კომპანიების ნაკლებ ზარალიანობას და უფრო მეტ მოგებიანობას, მათ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების ზრდას. 2027 წელს რაც შეეხება, უკვე ალბათ მომდევნო კვირაში, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში, მთავრობის მიერ იქნება დამტკიცებული 2027 წლის სამოქმედო გეგმა. ამ სამოქმედო გეგმის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი ასევე იქნება ფინანსური ზედამხედველობის გაძლიერება, ფლობის პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც დღეს საქართველოში არ არის - ანუ სახელმწიფო საწარმო რომელი უნდა იყოს სახელმწიფოში და რომელზე უნდა დაიგეგმოს მისი ეტაპობრივი პრივატიზება, ეს იქნება ფლობის პოლიტიკის ნაწილიდან, და ნუ, რა თქმა უნდა, მიმდინარე საკითხები, რომლებიც მათ კორპორატიზაციას და მათ კორპორაციულ მართვის საკითხებს შეეხება. ეს იქნება სამოქმედო გეგმის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს გრძელვადიანი, 3-წლიანი სტრატეგიის დამტკიცებასაც მომავალში.

BMG: რომელ კომპანიებში დაიწყება ეს პროცესი თუ შეგიძლიათ გვითხრათ?

გიორგი კაკაურიძე: ეს უკვე სტრატეგიის ნაწილია, წინასწარ ცოტა რთულია, თუმცა საუბარია, საბოლოო ჯამში, ეტაპობრივად ყველა მსხვილ კომპანიაზე, რომელსაც მინიმუმ 10-მილიონიანი ან მეტი ბრუნვა ექნებათ. იმ კომპანიებში, სადაც არის მაღალი ეკონომიკური ინტერესი, რეფორმა ასეთ კომპანიებში დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები