საქართველოს რკინიგზამ 2025 წლის მარტში 114 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც რუსეთში, საბჭოთა დროს წარმოებული 47 ლოკომოტივის კაპიტალური რემონტი უნდა ჩატარებულიყო.
თუმცა რკინიგზის დირექტორის შეცვლასთან ერთად კომპანიამ გადახედა ამ კონტრაქტს და მისი მოცულობა 37 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, კაპიტალური რემონტი 47 ლოკომოტივის ნაცვლად მხოლოდ 20 ლოკომიტივს ჩაუტარდება.
ხელშეკრულება გაფორმებულია კომპანია "გეორგიასთან", რომელიც თავის მხრივ ამ სერვისის განხორციელებას ტამბოვისა და ჩელიაბინსკის სარკინიგზო ვაგონშემკეთებელ ქარხნებს უკვეთავს.
"შეიცვალოს ხელშეკრულების საერთო ღირებულება და განისაზღვროს არაუმეტეს 31 415 897.12 აშშ დოლარით (დღგ-ს გარეშე), 37 070 758.6 აშშ დოლარით (დღგ-ს ჩათვლით), შესაბამისად, ერთი ერთეული "ვლ 10” და "ვლ11” სერიის ელმავლის კრ-2 მოცულობის საქარხნო კაპიტალური შეკეთების ღირებულება განისაზღვროს 1 772 317.52 აშშ დოლარით (დღგ-ს გარეშე), ხოლო, ჩმე-3 სერიის თბომავლის კრ (კრ-2) მოცულობის საქარხნო კაპიტალური შეკეთების ღირებულება განისაზღვროს 764 704.20 აშშ დოლარით (დღგ-ს გარეშე)", - ნათქვამია განახლებულ კონტრაქტში.
2025 წლის მაისში საქართველოს რკინიგზის დირექტორი შეიცვალა. 7-წლიანი მმართველობის შემდეგ ამ პოსტზე დავით ფერაძე ლაშა აბაშიძემ ჩაანაცვლა.
საქართველოს რკინიგზას ელმავლების შეკეთების $37-მილიონიანი კონტრაქტის გარდა კომპანია "გეორგიასთან" სხვა ხელშეკრულებებიც აქვს გაფორმებული. 2024 წლის მარტში ის ₾54-მილიონიან შესყიდვაში გამარჯვებულად გამოვლინდა. ტენდერი 8 თბომავლის და 8 ელმავლის შეკეთებას შეეხებოდა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები რუსეთში ჩელიაბინსკისა და მოსკოვის ქარხნების მიერ სრულდება.
შპს "გეორგიამ" 2023 წლის დეკემბერში ასევე 13 ახალი ლოკომოტივის შესყიდვის ₾80.5-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა, რომლითაც კომპანია ვალდებული იყო საქართველოს რკინიგზისთვის მიეწოდებინა რუსული კომპანია Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებული ახალი ლოკომოტივები, თუმცა 2024 წლის აგვისტოში საქართველოს რკინიგზამ ამ შესყიდვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც აღნიშნული ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ექვემდებარებოდა.