საქართველოს რკინიგზამ გამოაცხადა 54.9 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც 300 ცალი სატვირთო ვაგონის შესყიდვა უნდა მოხდეს. ტენდერის თანახმად, ვაგონები, ასევე მისი დეტალები 2023 წელს უნდა იყოს წარმოებული. შესაბამისად, ერთი ვაგონის სატენდერო ღირებულება 183,000 ლარი იქნება.
“ვაგონი და მისი ყველა დეტალი და კვანძი, მათ შორის საბუქსე კვანძებიანი წყვილთვლები, ავტოსაბმელები, შთანმთქმელი აპარატები ავტორეჟიმები და სამუხრუჭე მოწყობილობები უნდა იყოს ახალი არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში, დამზადებული არაუადრეს 2023 წელს. ვაგონი აშენებული უნდა იყოს არაუადრეს 2023 წელს, არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში და არ უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებში. ვაგონის
გეგმიური რემონტის პერიოდულობა უნდა შეესაბამებოდეს რკინიგზების ცენტრალური საბჭოს 2012 წლის 16-17 ოქტომბრის №57 ოქმით დამტკიცებულ ,,საერთაშორისო მიმოსვლაში რკინიგზის საერთო სარგებლობის ლიანდაგზე დაშვებული სატვირთო ვაგონების რემონტისა და ტექნიკური მომსახურების სისტემის შესახებ დებულებით" გათვალისწინებულ პერიოდულობას, როგორც კალენდარული ნორმატივით, ისე გარბენით (კომბინირებული კრიტერიუმით),”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სატენდერო განაცხადის აღწერა ქართულ და ინგლისურთან ერთად რუსულადაც არის წარმოდგენილი - ნახევარვაგონის შესყიდვა / закупка полувагона/Procurement of the Semi-Wagon; ხელშეკრულების გაფორმებიდან 270 კალენდარული დღის განმავლობაში/в течение 270 календарных дней со дня заключения договора/within 270 calendar days from the signing of the contract,”- ნათქვამია დოკუმენტაციაში.
ანალოგიური შესყიდვა რკინიგზამ აგვისტოს ბოლოსაც გამოაცხადა და მასში მონაწილეობა ორმა კომპანიამ შპს "უნი-2"-მა და შპს "საქართველოს შპალსაჟღენთმა ქარხანამ" მიიღეს. თუმცა, სატენდერო კომისიამ ორივე კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
ტენდერში წინადადებების წარდგენა 22-დან 24 ოქტომბრის პერიოდში იქნება შესაძლებელი.