საქართველოს რკინიგზა საბჭოთა დროინდელი ელმავლების და თბომავლების შეკეთებისთვის 270 430 671 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 25 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია 26-36 ელმავალსა („ვლ10“, „ვლ11“) და თბომავალზე („ჩმე3“), რომლებიც გამოშვებულია 1968 წლიდან 1989 წლამდე პერიოდში.
"საქართველოს რკინიგზასთან“ შეთანხმებით დაინტერესებულ პრეტენდენტებს უფლება აქვთ წინასწარ დაათვალიერონ შესაკეთებელი ლოკომოტივები. ლოკომოტივები დაკომპლექტებული იქნება ძირითადი აგრეგატებით.
ლოკომოტივების საბოლოო მიღება-ჩაბარება საცდელი გარბენის ჩატარების შემდეგ განხორციელდება.
შემკეთებელ საწარმოს ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 ცალი „ვლ“ სერიის მაგისტრალური მიმოსვლის ელმავლის (ნაწარმოები/აშენებული არაუადრეს 1980 და არაუგვიანეს 2000 წლებისა) და არანაკლებ 5 ცალი „ჩმე“ სერიის სამანევრო თბომავლის (ნაწარმოები/აშენებული არაუადრეს 1980 და არაუგვიანეს 2000 წლებისა) "კრ-2“ მოცულობის საქარხნო კაპიტალური შეკეთების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.
იმ შემთხვევაში, თუ შემკეთებელი საწარმო დარეგისტრირებულია თანამეგობრობის ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს ერთიან რეესტრში, პრეტენდენტმა დამატებით აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ვლ-10 / 11 და ჩმე-3 სერიის ლოკომოტივის "კრ2“ მოცულობის საქარხნო კაპიტალური შეკეთების შესრულების განხორციელების თაობაზე შესაბამისობის სერტიფიკატი უნდა წარმოადგინოს.
გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, ელექტრონული ვაჭრობის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, ხოლო ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
მომსახურების გაწევის ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული თვე.