"საქართველოს რკინიგზამ [რუსეთ-უკრაინის] საომარი დაპირისპირების შედეგად გამოწვეული „შესაძლებლობის“- სატრანზიტო ტვირთნაკადის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება ვერ უზრუნველყო, უფრო მეტიც, სადღეისოდ სარკინიგზო გადაზიდვები კლების ტენდენციით ხასიათდება" - ამის შესახებ სატრანსპორტო კვლევის ცენტრის შეფასებაშია აღნიშნული, სადაც საქართველოს რკინიგზის ბოლო 5 წლის განმავლობაში გადაზიდული ტვირთების მოცულობებს მიმოიხილავენ.
TCRC-ში აცხადებენ, რომ სატრანზიტო ტვირთების შემცირების კონკრეტული მიზეზების გამოსავლენად, აუცილებელია დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო ნაკადების და სატარიფო მდგენელების ჩაღრმავებული კვლევა, რაც სახელმწიფოს პრეროგატივაა.
"ფაქტობრივად ვერ იქნა უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრივი პრიორიტეტი – დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობის სრულფასოვანი გამოყენება.
ნათელია, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საომარი დაპირისპირების შედეგად, სადღეისოდ ახლებურად მიმდინარეობს სატრანსპორტო ნაკადების გადანაწილების და სხვადასხვა დერეფნების გასწვრივ ტვირთების დამკვიდრების შეუქცევადი პროცესი.ბუნებრივია, ამ პროცესში საქართველოს უმთავრეს ამოცანას მასზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერება და დამატებითი სატრანზიტო ტვირთების უსაფრთხო გატარება წარმოადგენს.
შეფასებისათვის შერჩეულია საქართველოს რკინიგზის 2021 წლის 6 თვე - 2025 წლის 6 თვე გადაზიდვების ხუთწლიანი დიაპაზონი.
უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში საომარი დაპირისპირების შედეგად, მყისიერად 2022 წლის 6 თვეში 2021 წლის 6 თვესთან შედარებით, საქართველოს დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების 28 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, სატრანზიტო ნაკადი გაიზარდა 3.2 მლნ ტონიდან 4.1 მლნ ტონამდე, ბუნებრივია, რომ ერთწლიან ჭრილში ასეთი ზრდა დადებითად იქნა შეფასებული. სატრანზიტო გადაზიდვები, ბოლო სამ წელიწადში არა თუ გაიზარდა არამედ, ბოლო წელს 0.4 მლნ ტონით შემცირდა და 2025 წლის 6 თვეში 3.7 მლნ ტონის დონეზე დაფიქსირდა.გარდა სატრანზიტო ტვირთნაკადისა, ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად მცირდება ადგილობრივი გადაზიდვები, კერძოდ 2025 წლის 6 თვეში, ადგილობრივმა გადაზიდვებმა ბოლო წლები მინიმალურ მნიშვნელობა 0.5 მლნ ტონა შეადგინა, რაც საერთო გადაზიდვების მხოლოდ 8 %-ია. ადგილობრივი გადაზიდვების შემცირების ასეთი ტენდენცია, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოსაზრებას, ქვეყნის “ორნიშნა” ეკონომიკური ზრდის - სტაბილურ დარგებზე დაყრდნობით განვითარებაზე.
ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, დავასკვნათ, რომ 2022 წელს, რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად, გამოწვეული სატრანზიტო ტვირთნაკადის ზრდის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, უფრო მეტიც სატრანზიტო გადაზიდვები სადღეისოდ შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რაც 2025 წლის 6 თვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით დასტურდება.
შემცირების კონკრეტული მიზეზების გამოსავლენად, აუცილებელია დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო ნაკადების და სატარიფო მდგენელების ჩაღრმავებული კვლევა, რაც სხვა ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სახელმწიფო პრეროგატივას განეკუთვნება", - ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიმოხილვაში.




























