საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველი ნახევარი რკინიგზის სექტორისთვის შემცირებული მაჩვენებლებით წარიმართა. მხოლოდ მეორე კვარტალში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობა 9.4%-ით შემცირდა და 3.2 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობი ვარდნაა.
ტვირთბრუნვის სტრუქტურის მიხედვით, საერთო მოცულობის 7.1% ადგილობრივ გადაზიდვებზე მოდის, 33.8% საერთაშორისო გადაზიდვებზე (ტრანზიტის გამოკლებით), ხოლო 59.1% ტრანზიტულ ტვირთებზე.
საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით, შემოტანილი ტვირთის წილი 75.3%-ს შეადგენს, ხოლო ექსპორტზე გატანილი ტვირთის - 24.7%-ს. გამომგზავნ ქვეყნებში ლიდერობენ რუსეთი (32.9%) და აზერბაიჯანი (30.3%), დანარჩენი ქვეყნების წილი კი 10%-ზე ნაკლებია. ექსპორტის მიმართულებით ძირითადი დანიშნულების ქვეყნები სომხეთი (13.5%), ყაზახეთი (10%) და რუსეთი (9.7%) არიან.
ტრანზიტული გადაზიდვების მხრივ, საქართველოს რკინიგზას 2025 წლის მეორე კვარტალში მნიშვნელოვანი ტვირთები ნიდერლანდების (15.9%), თურქეთის (12.0%) და ჩინეთის (7.6%) მიმართულებით გადაჰქონდა.
ტვირთების სასაქონლო სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე მოდის (37.5%), რასაც მოსდევს ქიმიკატები და (20.8%) და ლითონის მადანი (10.7%).
მგზავრთა გადაყვანის მიმართულებით, 2025 წლის მეორე კვარტალში რკინიგზა 428 ათას ადამიანს მოემსახურა, რაც 18.5%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აქედან 423 ათასი ადგილობრივი მგზავრია, ხოლო საერთაშორისო მიმოსვლით 5 ათასი ადამიანმა ისარგებლა, რაც 43.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო მგზავრთა უმეტესობა სომხეთთან გადაადგილდებოდა.




























