მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რკინიგზას კერძო დაცვის კომპანიების დაქირავება აეკრძალება - კანონპროექტი

რკინიგზა

საქართველოს რკინიგზას კერძო დაცვის კომპანიების დაქირავება აეკრძალება - ამას ითვალისწინებს სარკინიგზო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა.

შსს-ს თანახმად, ამჟამად სარკინიგზო კოდექსის მუხლი, რომელიც დაცვის საკითხებს განსაზღვრავს მოძველებულია და კორექტირებას საჭიროებს. ამასთან, შსს-ს მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ რკინიგზისთვის კერძო დაცვის სამსახურების მიერ სერვისის მიწოდება რისკებს შეიცავს და ეს ფუნქცია შსს-ს დაქვემდებარებაში არსებულ დაცვის პოლიციაზე უნდა გადავიდეს. თუმცა, განმარტებით ბარათში არაა უფრო ფართოდ ახსნილი თუ რა რისკებს შეიცავს ამ სერვისის კერძო დაცვის კომპანიების მიერ მიწოდება.

როგორც ირკვევა რკინიგზა ამჟამად კერძო დაცვის კომპანიების სერვისებით სარგებლობს, რისთვისაც კომპანიას 10.9 მილიონი ლარის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. ახალი კანონის მიღების შემდეგ კი კომპანია სავალდებულო წესით მხოლოდ დაცვის პოლიციის 635 თანამშრომელს დაიქირავებს.

"რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაცვას ნაწილობრივ კერძო დაცვითი ორგანიზაციები ახორციელებენ, რაც საფრთხეს უქმნის სარკინიგზო უსაფრთხოების ერთიანობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ მსვლელობის გზაზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

კერძო დაცვითი ორგანიზაციები ვეღარ განახორციელებენ რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის დაცვას. დღეის მდგომარეობით, საქართველოს რკინიგზის არსებული ხარჯი კერძო დაცვით ორგანიზაციასთან შეადგენს 10.9 მლნ ლარს, შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ კონტრაქტორი კერძო დაცვითი ორგანიზაციის შემოსავლები შემცირდება 10.9 მლნ ლარით, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იქ დასაქმებულ პირებზე.

ამასთან, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან დასადებმა ახალმა ხელშეკრულებამ შესაძლებელია გაზარდოს დაცვით მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები გამოიწვიოს საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულ პირებზე.

საგულისხმოა, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის ახალი უფლებამოსილების დამატება გამოიწვევს მის შემადგენლობაში 635 ახალი თანამშრომლის დასაქმებას", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები