მომდევნო წლებში დაახლოებით 1 მლრდ ლარის ინვესტირებას განვახორციელებთ “საქართველოს რკინიგზაში”, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რესურსები მიმართოს სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებაში.
“ვხედავთ, რომ გლობალურად ტვირთბრუნვა და ტვირთნაკადები მზარდია. ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რომ ჩვენი ტრანზიტული როლი კიდევ უფრო მეტად გამყარდეს, საქართველომ განაგრძოს იყოს კონკურენტუნარიანი ქვეყანა და კარგი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფად, მაღალი ხარისხით გადაზიდვას. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება მომდევნო წლებში ასევე 1 მლრდ ლარის ინვესტირება მოხდება “საქართველოს რკინიგზაში”, მოხდება განვითარება და დამატება მათ შორის ლოკომოტივების პარკის”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკვე დასრულებულია რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რომლის ფარგლებშიც “საქართველოს რკინიგზის” გამტარუნარიანობა გაორმაგდა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება “ბაქო-თბილისი-ყარსის” რკინიგზის გახსნაც.
“ვფიქრობთ, ძალიან მალე, მთელი რეგიონი - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ვიზეიმებთ ბაქო-თბილისი- ყარსის ისტორიული პროექტის გახსნას, რომელსაც ექნება უმნიშვნელოვანესი როლი, როგორიც საქართველოსთვის, ისე რეგიონისთვის”, - თქვა ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ “საქართველოს რკინიგზა” ამჟამად გეგმავს სავაგონო პარკს 120 ნახევარვაგონი დაამატოს, რისთვისაც 20 მლნ ლარის ტენდერი აქვს გამოცხადებული.
ამასთან, როგორც BMG-მ 12 დეკემბერს დაწერა, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით, რკინიგზის სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) და მსოფლიო ბანკიდან საქართველო 162.5 მლნ - 162.5 მლნ ლარის საკრედიტო ხაზების მიღებას გეგმავს.




























