აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზასთან აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
მისი თქმით, თავდაპირველად საქართველოს მიერ დაწესებული ტარიფი მაღალი იყო.
„ამან აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა, რადგან ის არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას. მოკლე დროში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია საკითხში და საკითხი მოგვარდა. კომპანიებს შორის შეთანხმდა ბაზრის პირობების სრულად შესაბამის ტარიფზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას. ეს აჩვენებს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები მეგობრულია. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მოგვარებულია და ეს გზა კვლავ გამოყენებული იქნება“,- აღნიშნა მან.
ცნობისთვის, მრავალწლიანი პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ 23 დეკემბერს პირველად, სომხეთში საქართველოს გავლით საწვავით დატვირთული პირველი აზერბაიჯანული მატარებელი ჩავიდა.
საუბარია 1,300 ტონა A95 ტიპის ბენზინზე, რომლის ტრანსპორტირებაც 22 ვაგონისაგან შემდგარი მატარებლით განხორციელდა. როგორც სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა მაშინ თქვა, აზერბაიჯანული მატარებელი საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელ აირუმში გაჩერდა, სადაც საწვავი რკინიგზის სადგურზე ჩამოტვირთა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების დამყარების პირველ სიმბოლოდ იქცა.
საქართველოს გავლით აზერბაიჯანული მატარებლის სომხეთში ჩასვლის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ ერთჯერადი გამონაკლისი დაუშვა და ტარიფი ერთჯერადად გააუქმა.
თუმცა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს რკინიგზის ტარიფებზე უკმაყოფილება არ დამალა და 18 დეკემბერს განაცხადა: „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების შემდგომი გადაზიდვის ნაწილში ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც საქართველოს რკინიგზის ტარიფებს ეხება... თუ საკითხები არ დარეგულირდება, ვიმედოვნებ ბიზნესი იმპორტ-ექსპორტის უზრუნველსაყოფად ლოგიკურად ალტერნატიულ გზებს გამონახავენ“.




























