მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს რკინიგზის" 2026-2028 წლების განვითარების გეგმა საჯარო უნდა იყოს|პაატა ცაგარეიშვილი

პაატა ცაგარეიშვილი

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორ პაატა ცაგარეიშვილის აზრით, საქართველოს რკინიგზის განვითარების 2026-2028 წლების გეგმა საჯარო უნდა იყოს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა და თავისი ვერსიაც გააჟღერა, რატომ შეიძლება, რომ დოკუმენტი მედიისთვის თუ ანალიტიკოსებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს.

საქმე ის არის, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანის თქმით, სახელმწიფო კომპანიაში „2026-2028 წლების განვითარების ამბიციური გეგმა შეიმუშავეს“, თუმცა მარიამ ქვრივიშვილის უწყებაში და საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში BMG-ის უთხრეს, რომ დოკუმენტი საჯარო არაა.

პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული დოკუმენტის ხელმიუწვდომლობა ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ გამჭვირვალობის პრინციპებს. მისი ვარაუდით, მთავრობა დოკუმენტის გასაჯაროებას შესაძლო პოლიტიკური რისკების გამო ერიდება.

„რა თქმა უნდა, [დოკუმენტი] ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ ჩვენ დღესდღეობით საჯაროობის და გამჭვირვალობის პროცედურებს ძალიან აქტიურად ვაანონსებთ. მიმაჩნია, რომ მიზეზი, თუ რატომ არ ჩანს საჯაროდ ეს დოკუმენტი, მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ მანამდე გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თუნდაც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ოთხპუნქტიანი გეგმა; ასევე - „ხედვა 2030“. ნებისმიერი ოპოზიციური პარტია რომ ჩაუჯდეს ამ დოკუმენტებს, ისეთ შეუსრულებელ და დაპირებულ პროექტებს ამოსწევს, რომ ძალიან კარგად გამოიყენებს თავისი ოპოზიციური აზრების გასაღვივებლად,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, დოკუმენტის დამალვა არის მცდელობა, თავიდან აირიდონ სამომავლო კრიტიკა და რევიზია იმ შემთხვევაში, თუ პროექტები ვადებში ვერ ჩაეტევა.

"ვთვლი, რომ ზუსტად ამიტომ [არაა საჯარო დოკუმენტი] რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ არ იყოს დისონანსი თუ რატომ ვერ შესრულდა [გეგმები], რატომ ვერ მოხდა ვაგონების შესყიდვა ან პირობითად რატომ გაიწელა ელმავლების შეძენა - სჯობს, იყოს უბრალოდ განაცხადი, რომ „ვაკეთებთ“... მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ რევიზიული ამბები რთულად იყოს შესაძლებელი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია“, - აღნიშნა მან.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი ხაზს უსვამს, რომ ინფორმაციული ვაკუუმი უარყოფითად მოქმედებს კომპანიის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია უახლოეს წლებში საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურაში 1 მლრდ ლარის ინვესტირებაზე.

"ნებისმიერი ინვესტორი, მით უმეტეს ისეთ კომპანიაში, რომლის საინვესტიციო რეიტინგი BB- დონეზეა, Fitch-ის თანახმად და რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია საინვესტიციოდ მიმზიდველი არ არის, ასეთ გეგმებს ითხოვს. მსგავს დოკუმენტებში უნდა იყოს გაწერილი ინვესტიციების მოძიების წყარო და გეგმის შესრულების ვადები. ეს არის სტანდარტული სახის დოკუმენტი“, - ამბობს ის.

ამასთან, მიუხედავად კრიტიკისა, პაატა ცაგარეიშვილმა დადებითად შეაფასა ის სიახლეები, რაც „საქართველოს რკინიგზაში“ ლაშა აბაშიძის მენეჯმენტის პირობებში იკვეთება. კერძოდ, მან გამოყო სახელმწიფოს როლის გაზრდა კაპიტალურ პროექტებში.

„ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის უსვამდა ხაზს, რომ ევროპაში აპრობირებული მოდელით, მოძრავი შემადგენლობისა და კაპიტალდაბანდებითი სალიანდაგო სამუშაოების განხორციელება პირდაპირ რკინიგზას არ უნდა დაავალო. ეს ისეთი სიმძიმეა, რომელსაც კომპანია ვერ გაუძლებს. სახელმწიფომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მილიარდიანი თანხის აკუმულირება მოახდინა. როგორც საავტომობილო გზები შენდება, სარკინიგზო მიმართულებითაც სახელმწიფო უნდა იყოს თანხის გამტარი და მონიტორინგის განმახორციელებელი. თუ ამას დროზე მოვწყდებით, გამოთავისუფლებული თანხა მიიმართება გადაიარაღებისთვის, პერსონალის ხელფასის გაზრდისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისათვის“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობა 10 ახალი სამგზავრო მატარებლის, 1500 ახალი ვაგონის და 50 ლოკომოტივის შესყიდვას გეგმავს და უახლოეს წლებში 1 მილიარდის დახარჯვას აპირებს. BMG-ის ინფორმაციით, მთავრობა საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებას მსოფლიო ბანკისგან და აზიის განვითარების ბანკისგან საკრედიტო ხაზის გახსნით აპირებენ, მაგრამ ჯერჯერობით, შეთანხმება მიღწეული არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები