ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, 50-მდე ახალი ლოკომოტივის შესაძენად მთავრობა დაახლოებით 1 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს. მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდება ახალი ლოკომოტივების შესყიდვა მოხდება. მის განცხადებას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა ინფორმაციაში არ არის საუბარი შესყიდვის გეგმის მეტ დეტალზე.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რკინიგზის სექტორის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა, რადგან ჩვენ მას ვუყურებთ როგორც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის საკვანძო ელემენტს. სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზამ 2026–2028 წლების განვითარების ამბიციური გეგმა შეიმუშავა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ლოკომოტივების შესყიდვის გეგმის შესახებ გასული წლის ოქტომბერში საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა. თუმცა მაშინ დეტალები არ დაუკონკრეტებია. მანამდე, 2025 წლის მარტში კი, საქართველოს რკინიგზამ რუსულ ქარხნებთან 114 მილიონი დოლარის კონტრაქტი გააფორმა 47 ერთეული მოძველებული ლოკომოტივის კაპიტალური გარემონტებისთვის. თუმცა, მაისში რკინიგზის ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ კომპანიამ აღნიშნული კონტრაქტი 77 მილიონი დოლარით შეამცირა, ხოლო კონტრაქტის ფარგლებში კაპიტალური რემონტი სულ 20 ერთეულ ლოკომოტივს ჩაუტარდება.
„შედეგად, გაიზრდება სისწრაფე, საიმედოობა და ქვეყნის ტრანზიტული შესაძლებლობები. ამასთან, შევისყიდით 1,500 ახალ ვაგონს და თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს დავნერგავთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საოპერაციო პროცესებს და პრაქტიკულად, გააორმაგებს რკინიგზის გამტარუნარიანობას“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, 2026 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამგზავრო მიმართულებასაც, რაც საერთო ჯამში, საქართველოს რკინიგზას თანამედროვე, ეფექტიან და ახალი შესაძლებლობებით აღჭურვილ სისტემად აქცევს.
„მოდერნიზებული, თანამედროვე რკინიგზა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის პოზიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ცნობისთვის, სარკინიგზო სექტორში მთავრობის გეგმები პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია და მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება. ასევე, ამოქმედდება თბილისი-ახალციხის მიმართულებაც. ხოლო ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიულ "კუკუშკას" რეაბილიტაცია ჩაუტარდება.




























