ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იგეგმება 50 ახალი ლოკომოტივის, ასევე 1500 ახალი ვაგონის შესყიდვაც.
“საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის მიხედვით ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1500 ახალ ვაგონს, ასევე დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგად გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, შედეგად ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება უფრო კომფორტული და სწრაფი როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი”, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს რკინიგზის ლოკომოტივების 99% 30 წელზე ძველია - ანგარიში
მან სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. ასევე, მან ხაზი გაუსვა თბილისი-ბათუმის და ახალციხის მიმართულების სარკინიგზო რეაბილიტაციაზეც.
“აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო 5,5 საათიდან 4 საათამდე შემცირდება. 1.5 საათით შევამცირებთ თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს.
ასევე აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან, და გადაადგილების დრო ძველ დროსთან შედარებით 6 საათიდან შემცირდება 3 საათამდე, ანუ განახევრდება გადაადგილების დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე”, - განაცხადა მან.
პრემიერის თქმით, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ე.წ. “კუკუშკასაც”, რომელიც მისივე მტკიცებით მგზავრების მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება.
“ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, და განხორციელდება 5 სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო გაჩერებული 2020 წლიდან და გეგმის მიხედვით მატარებელი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას”, - განაცხადა კობახიძემ.




























