საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი მოძველებულია - ამის შესახებ კომპანიის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, სადაც ვაგონებისა და ლოკომოტივების რაოდენობა და ასაკი არის მიმოხილული.
ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ლოკომოტივების 99% არის 30 წელზე მეტი ხნის წინ წარმოებული. კერძოდ, 35 წელს აღემატება ლოკომოტივების 78%; 31-35 წლის წინ არის წარმოებული ვაგონების 21%; 25-30 წლის წინ არის წარმოებული ვაგონების 1%.
კომპანიის საკუთრებაში სულ 91 ერთეული აქტიური ლოკომოტივია.
რაც შეეხება სატვირთო ვაგონებს, საქართველოს რკინიგზას სულ 4,088 სატვირთო ვაგონი ეკუთვნის, რომელთა 85%-იც 30 წელზე ძველია. უფრო კონკრეტულად: ვაგონების 75% 35 წელზე ძველია, 31-35 წლისაა ვაგონების 10%; 26-30 წლის სატვირთო ვაგონების 2%, ხოლო 21 წელზე უფრო ახალი საქართველოს რკინიგზის სატვირთო ვაგონების მხოლოდ 8%-ია.
სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზამ ნოემბერში 120 ახალი სატვირთო ვაგონის შესასყიდად 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
კომპანიის ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ საქართველოს რკინიგზის სავაგონო პარკი ბოლო 10 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირებულია, რადგან 2015 წელს რკინიგზას 7,006 სატვირთო ვაგონი ეკუთვნოდა, 2025-2024 წლებში სატვირთო ვაგონების რიცხვი 42%-ით შემცირდა.
ასევე 2015 წელს საქართველოს რკინიგზას სულ 161 აქტიური ლოკომოტივი ემსახურებოდა, შესაბამისად ბოლო 10 წელში მუშა მდგომარეობაში მყოფი ლოკომოტივების რაოდენობა 44%-ით შემცირდა.
რამდენადაც ცნობილია, ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს რკინიგზა მოლაპარაკებებს მართავენ მსოფლიო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან ახალი ლოკომოტივების და ვაგონების შესყიდვის დაფინანსებასთან დაკავშირებით. მომდევნო წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში 325 მილიონი ლარის საკრედიტო შემოსავლის მიღება არის გათვალისწინებული, თუმცა ჯერჯერობით პროექტის დეტალები უცნობია. აზიის განვითარების ბანკში განმარტავენ, რომ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა და მის შესახებ ინფორმაციას პროექტის ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ გამოაქვეყნებენ.




























