რა მდგომარეობაა დღეს გადაზიდვებში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე?
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად შავ ზღვაში უკრაინის პორტები პრაქტიკულად გაჩერებულია, რუსეთის პორტები კი შეფერხებით მუშაობენ. 2 თვის წინ ყაზახური ნავთობის გატარებაზე უარი თქვა რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა პორტმა - ნოვოროსისკი, მიზეზად შტურმის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაასახელა. ყაზახური ნავთობისთვის მთავარი სატრანსპორტო დერეფანი სწორედ ეს იყო.
ნოვოროსისკის პორტში ავარიიდან ძალიან მალევე ყაზახურმა მხარემ ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყო. რუსული პორტის შეფერხებიდან ერთი კვირის თავზე საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას. მხარეები თანხმდებიან, რომ უნდა იზრუნონ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაზე, ხაზი გაესვა სამშენებლო სამუშაოების დასრულების მნიშვნელობასაც.
ოდნავ მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 3 მილიონამდე ტონა ყაზახური ნავთობი მიმდინარე და მომდევნო წელს გაივლის. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ამ დერეფანში მშრალი და საკონტეინერო ტვირთის გადმომისამართებაზე.
ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ საქართველო მზადაა ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთების ევროპაში ტრანსპორტირებისთვის და ჩვენს ქვეყანაზე გამავალ დერეფანზე მოთხოვნა გაზრდილია, არამხოლოდ ყაზახეთიდან, არამედ ჩინეთიდან და ევროპიდან. კომპანიები უკვე 3 თვეა უკრაინას, როგორც სატრანზიტო გზას, ვეღარ იყენებენ და ალტერნატივებს ეძებენ.
სტუმარი: დავით ფერაძე - საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი;