2025 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობა 3%-ით 13.3 მლნ ტონამდე შემცირდა. აქედან 57.5% — ტრანზიტზე, 34.7% — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს) და 7.9% ადგილობრივ გადაზიდვაზე მოდის.
საქართველოს რკინიგზის 2025 წლის მაჩვენებლების მიხედვით, საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.8% მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 24.2% კი — ქვეყნიდან გატანილზე.
ამ პერიოდში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 35.8%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 27.2%-ის — აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 37%).
2025 წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 16.2%-ის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 9.2% — ყაზახეთი, 8.4% — რუსეთის ფედერაცია, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 66.2%).
ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 13.4% — ნიდერლანდები, 10.8% — თურქეთი, 6.6% — ჩინეთი, 2.9% — უკრაინა, 2.4% — იტალია, 1.3% — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 6%-ის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3% — თურქეთი, 1.2%— აშშ, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
ტვირთების სახეობების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთების მთლიანი განაწილება ასეთია:
- კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი - 36.4%;
- ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფი - 20.9%;
- ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტები - 12.8%;
2025 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 56.5% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 22.7% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9.9% — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.3%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (17%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (6.8%), ქვანახშირი და ლიგნიტი (5%), ძირითადი ლითონები (4,7%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.7%); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (35%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.6%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13%) და ძირითადი ლითონები (12.1%).
ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 78.6% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (38.2%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (30%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (10.4%).
2025 წლის ბოლოსათვის საქართველოს რკინიგზის ხაზების მთლიანი სიგრძე 2 441.0 კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტროფიცირებული იყო 98.4%. რკინიგზის ლიანდაგების გაშლილი სიგრძე იყო 1 978.9 კილომეტრი, რომლის 44% მთავარი ხაზების სიგრძეა, 29.3% — განშტოებების სიგრძე, 23.9% სადგურის ლიანდაგებია, ხოლო 2.9% — მისასვლელი ლიანდაგები.
რკინიგზის ხაზების მთლიანი საექსლუატაციო სიგრძე 2025 წლის ბოლოსათვის 1 592.6 კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტროფიცირებული იყო 99.6%. მთავარი ხაზის საექსპლუატაციო სიგრძე იყო 551.3 კილომეტრი, რომლის 42.9% ერთლიანდაგიანია, 57.1% კი — ორლიანდაგიანი.




























