საფრანგეთის გრანდ მასივის სამთო-სათხილამურო კურორტების დელეგაციამ საქართველოში ბალნეო-კლიმატური კურორტი მუაში, ზესხოს ხეობა, ყორულდაში, სათხილამურო კურორტები: ჰაწვალი, ზურულდი და თეთნულდი, ასევე, პოტენციური სამთო კურორტი - მრავალძალი მოინახულეს.
კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, GMDS (Grand Massif Domaines Skiables) საფრანგეთის ალპების სამთო-სათხილამურო კურორტის არეალის გრანდ მასივის წარმომადგენლები, საქართველოს, კურორტების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეწვივნენ.
კურორტების განვითარების სააგენტოსა და საფრანგეთის კურორტების მართვის ხუთეულში შემავალ კომპანიას GMDS (Grand Massif Domaines Skiables) შორის გაფორმებული მემორანდუმი ორი ქვეყნის კურორტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებას ითვალისწინებს.
„კურორტების განვითარების სააგენტომ საქართველოს 200-ზე მეტი კურორტი, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი შეისწავლა. მათ შორის არის მრავალძალი, რომელსაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია. ისეთ სოლიდურ კომპანიასთან თანამშრომლობით, როგორიცაა გრანდ მასივი, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა კურორტების დაგეგმარება-პროექტირების უახლეს სტანდარტებსა და მეთოდებს გავეცნოთ”, - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
საფრანგეთის დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრებში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ სსიპ სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, მთის ტრასების სააგენტოს, ასევე, ლენტეხის, მესტიისა და ონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.