ნატურალური წვენების ქართული საწარმო "აჩინებულის" დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე აცხადებს, რომ კადრების დეფიციტი ინდუსტრიაში კვლავ გამოწვევაა. როგორც მან "საქმიან დილაში" სტუმრობისას განაცხადა, სერიოზულ პრობლემად რჩება კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რის გამოც ერთი ადამიანი ხშირად ერთზე მეტ საწარმოში მუშაობს.
"ეს ძირითადად ჩვენს წარმოებასა და ფინანსებზე აისახება, ხელფასების ზრდა მიმდინარეობს, თვალს ვხუჭავთ იმაზე, რომ კადრმა მეორე შტატზე სხვაგან იმუშაოს, ერთი ადამიანი ორ ადგილას მუშაობს და ასე ვავსებთ საწარმოები ერთმანეთს. მომზადებული კადრები, რომლებიც უცხოელებმა დაატრენინგეს, 1.5-2 წელი მუშაობენ და მერე მიდის გადადინება უფრო მსხვილ საწარმოებში. ეს პრობლემაა, თუმცა მარტო ჩვენთან არა", - აღნიშნავს გოჩა ღვინეფაძე.
გამოწვევებზე საუბრისას, "აჩინებულის" დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ ექსპორტის ზრდის მიუხედავად, პრობლემად რჩება დასავლეთის ქვეყნებში ქართულ წარმოებაზე ცნობიერების ზრდა. ღვინეფაძეს თქმით, საქართველოს საელჩოები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ ქვეყნისა და წარმოების პოპულარიზაციას, სათანადოდ ვერ ასრულებენ ამ საქმეს, რის გამოც საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ნაკლებად ეფექტურია.
"ზოგადად, ცნობადობის ასამაღლებლად სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები კარგი საშუალებაა და კარგად იცით, რამხელა ფინანსურ დანახარჯებს ეწევა სახელმწიფო ღვინის მიმართულებით, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებში მაინც უჭირს ჩვენს ღვინოს რეალიზაცია. რაც შეეხება ჩვენს პროდუქციას, საქმე კიდევ უფრო ცუდადაა, არ იციან ქართული პროდუქცია რა არის. ძალიან კარგი პროგრამებია, რომ დამწყებმა კომპანიებმა თავიანთი პროდუქცია წარადგინონ ახალ ბაზრებზე. ამაში ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები გვეხმარებიან, მაგრამ რჩება ერთი გამოწვევა. ფინანსური ხარჯები იწევა და თანადგომა არის, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოების მხრიდან გამოხმაურება და ჩართულობა ნულია.
წელიწადში სადღაც 15-16 საერთაშორისო გამოფენა ტარდება, თითოეულ ქვეყანაში ერთხელ. წლიდან წლამდე ამ სამინისტროს და საელჩოებს უნდა ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები, რომ ამზადებდნენ შეხვედრებს, აწყობდნენ ღია კარის დღეებს საელჩოებში, მოწვეული ჰყავდეთ სტუმრები, რათა გააცნონ ქართული პროდუქცია, თუმცა არავითარი წარმოდგენა არ აქვთ, რა საწარმოები არსებობს, როგორი და რა ტიპის. ამ კუთხით არ ხდება მომზადება და მერე გამოფენა რომ იმართება 4-5 დღე, საკმარისი არ არის, მანამდეც უნდა აკეთონ ჩვენმა საელჩოებმა ამ კუთხით რამე", - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.
ცნობისთვის, ნატურალური წვენის ქართული საწარმო "აჩინებული", რომლის პროდუქციაც ადგილობრივ ბაზარზე "ალალის" სახელწოდებით იყიდება, 2019 წლიდან ამოქმედდა. საწარმო თელავში მდებარეობს და ექსპორტს როგორც აშშ-ში, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებში ეწევა.




























