22 ოქტომბერს აშშ-მა რუსულ ენერგოგიგანტ Lukoil-ს ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო კომპანიის ყველა შვილობილს, სადაც ის 50%-ზე მეტს ფლობს, ასეთია ლუკოილ საქართველოც. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას ჟურნალისტებმა ჰკითხეს დაიცავს თუ არა ქართული საბანკო სისტემა ახალ დაწესებულ სანქციებს, რასთან დაკავშირებითაც ნათია თურნავა აცხადებს, რომ საბანკო სისტემა განუხრელად ასრულებდა და შეასრულებს ყველა საერთაშორისო სანქციის მოთხოვნებს.
"თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სანქციების შემოღების, თვითონ ამ რეჟიმების შემოღების დღიდან, ჩვენი საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. უკვე სამი წელია ჩვენ პრაქტიკულად არც ერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ახლა ეს შედარებით ახალი გადაწყვეტილებაა. ჩვენი საფინანსო სექტორი და რეგულატორიც ჩვენც ვიმოქმედებთ შესაბამისად, შევისწავლით, ვნახავთ და ნუ რასაკვირველია სანქციების, ასე ვთქვათ, რეჟიმის დაცვა, ეს არის ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ბანკები დღემდე. ამ თვალსაზრისით რაიმე ასე ვთქვათ, გართულება არ იქნება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
22 ოქტომბერს აშშ-მა ლუკოილთან ერთად Rosneft-იც დაასანქცირა.
არსებული მდგომარეობით, "ლუკოილ საქართველოს" გენერალური დირექტორის პოსტს რუსეთის მოქალაქე, რომან პეტრაშოვი იკავებს. კომპანიას 2024 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ლუკოილის შემოსავალმა 762.5 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 279 მილიონი ლარით მეტია.
BMG-იმ კომპანიას სანქციებთან დაკავშირებით კითხვით მიმართა, თუმცა კომპანიაში ჯერჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.




























