მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საგარეო ვალი $26.9 მლრდ-ია, რაც მშპ-ს 72%-ია - ეროვნული ბანკი

ვალი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 26.9 მლრდ დოლარი (72.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ-ს 70.4%-ია.

მეოთხე კვარტალში ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი წინა კვარტალთან შედარებით 352.7 მლნ დოლარით შემცირდა. მათ შორის, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 440.1 მლნ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო 14.6 მლნ. დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად, 72.7 მლნ. დოლარით და 29.4 მლნ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.7 მლრდ დოლარი (31.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 30.7%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.2 მლრდ დოლარი (24.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 780.9 მლნ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 473.1 მლნ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 1.3 მლრდ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.3 პროცენტი).

რაც შეეხება საბანკო სექტორს, მისმა ვალმა შეადგინა 9.5 მლრდ დოლარი (25.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5 მლრდ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.4 მლრდ დოლარი (6.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.4 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ მთლიანი საგარეო ვალის 86.7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.6 მლრდ დოლარი (34.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ–ს 33.1%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.6 მლრდ დოლარია (15.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 14.6%-ია.

2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 38.6 მლნ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 37.5 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 1 მლნ დოლარით.

2025 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 780.9 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, 475.5 მლნ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები