მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ძლიერი და სუსტი მხარეები|Kass Group-ის გენდირექტორის მოსაზრება

ეკატერინე თორდია

საინვესტიციო კომპანია Kass Group-ის გენერალური დირექტორის ეკატერინე თორდიას აზრით, მხოლოდ საზღვაო და სამთო-სათხილამურო მიმართულებებზე კონცენტრირება არასწორია და აუცილებელია, მდიდარი ისტორიისა და გამორჩეული ბუნების მქონე სხვა რეგიონების განვითარებაც.

საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ძლიერ და სუსტ მხარეებზე ეკატერინე თორდიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა და დაასახელა ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც რეგიონებში ბიზნესის განვითარებას განსაზღვრავს.

ეკატერინე თორდიას შეფასებით, ქვეყნის უმთავრესი საინვესტიციო უპირატესობა მისი პირვანდელი, ხელუხლებელი ბუნებაა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ ტრადიციულ კურორტებზე ფოკუსირება არასწორია და აქცენტი ეკოტურისტული პოტენციალის მქონე სხვა რეგიონებზეც უნდა გაკეთდეს.

მისი თქმით, წარმატების ფორმულა ბუნების ავთენტიკურობისა და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის სინთეზშია.

“საჭიროა, ჩვენი რეგიონების სხვადასხვა მიმართულებების განვითარება, სადაც მდიდარი ისტორია და გამორჩეული ბუნებაა. მსოფლიოში ეკოტურიზმი დიდი ხანია პოპულარულია - ადამიანებს სურთ ხელუხლებელი, ავთენტიკური გარემო შეიგრძნონ, თუმცა, ერთი მხრივ, უნდა დავიცვათ ბუნების ავთენტიკურობა, ხოლო მეორე მხრივ - შევქმნათ გამართული და, რაც მთავარია, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა. სწორედ ექსტრემალური ატრაქციონების, მათ შორის მინის ხიდისა და ბუნების ჰარმონიული შერწყმა ქმნის დაუვიწყარ დასვენებას“, - აღნიშნა თორდიამ.

Kass Group-ი ისრაელური საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს და ₾120 მილიონის ინვესტიცია აქვს ჩადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელიდან ტურისტული ნაკადები და ფულადი გზავნილები სტაბილურად მაღალია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ნაწილში ეს დინამიკა ნაკლებად აისახება. რატომ ერიდებიან ისრაელური კომპანიები საქართველოში რისკზე წასვლას და რა ტიპის პროექტები შეუცვლიდათ მათ განწყობას? - „წერტილში“ Kass Group-ის გენერალურმა დირექტორმაც დაადასტურა, რომ ტურისტული თვალსაზრისით ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველო უაღრესად მიმზიდველია, თუმცა ბიზნესის კუთხით უცხო ქვეყანაში ოპერირება ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, მან გამოყო სასტუმრო სექტორში არსებული ტენდენციებიც, რაც ინვესტორების სიფრთხილეს განაპირობებს.

„ტურიზმის მიმართულებით რომ ვისაუბროთ, ყველამ იცის სტატისტიკურად, რომ ტრადიციული სასტუმრო ბიზნესი ბოლო წლებში არც ისე მომგებიანია და, ალბათ, ესეც არის მიზეზი, რის გამოც ამ კუთხით ინვესტირებას ერიდებიან, თუმცა თუ მათ ექსკლუზიურ და საინტერესო კონცეფციას შევთავაზებთ, ინტერესი აუცილებლად გაიზრდება. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ ინვესტიციით, რაც საქართველოში განვახორციელეთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი გამორჩეული პროექტების მიმართ ინტერესი დიდი იქნება, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი ადამიანების მუშაობა, რომლებიც უცხოელ ინვესტორებს სწორად დააინტერესებენ“, - განაცხადა ეკატერინე თორდიამ.

მთავარ გამოწვევად, რომლის აღმოფხვრასაც ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი ისურვებდა, საჯარო ინფრასტრუქტურული პრობლემები და რეგიონებში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა დასახელდა.

Kass Group-ის გენდირექტორის განცხადებით, ბიზნესის გამართული ოპერირებისთვის საბაზისო კომუნალური სერვისები და გზები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარებაში კონტრიბუცია.

„სუსტი წერტილი, ისევ და ისევ, საჯარო ინფრასტრუქტურაა - გზები იქნება ეს თუ კომუნალური სერვისები. რეგიონებში ხშირად არის პრობლემები გაზმომარაგებასა თუ წყალზე. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ადგილობრივი კადრების პროფესიული გადამზადება. ჩვენ თავად ძალიან დიდ რესურსს ვდებთ ამაში და გვეამაყება, რომ წალკაში, “კას ლენდის” ტურისტულ კომპლექსში დასაქმებულთა 98% ადგილობრივია. ეს ადამიანები სრულიად განსხვავებული ენთუზიაზმით უდგებიან საკუთარი რეგიონის წარმატებას. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან დიდი კონტრიბუცია უნდა ჩაიდოს მათ გადამზადებაში, რადგან სწორედ ეს ადამიანები ქმნიან მთავარ ღირებულებას“, - განაცხადა ეკატერინე თორდიამ.

ცნობისთვის: მრავალპროფილურმა საინვესტიციო კომპანია Kass Group-მა, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს, 10 წელიწადში, ₾120 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ჰოლდინგის ყველაზე ცნობილი ობიექტია „კასს ლენდი - წალკის კანიონის რეზორტია”. კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმდინარე ინოვაციური პროექტი თბილისის ტელეანძის მოდერნიზაციაა - პროექტი პანორამული გადმოსახედების, ვიზიტორთა ცენტრისა და უნიკალური რესტორნის მოწყობას გულისხმობს. ტურისტული მიმართულების გარდა, საინვესტიციო ჰოლდინგის პორტფოლიო მოიცავს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ და მაღალტექნოლოგიურ თეთრეულის სამრეცხაოს TLS-სს (Tbilisi Laundry Service), რომელიც მსხვილ სასტუმროებს ემსახურება. ასევე, ჰოლდინგი ფლობს თანამედროვე ბიზნესცენტრს თბილისის ცენტრში, დანელიას ქუჩაზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები