სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის შედეგად სააღრიცხვო სისტემის ნაკლოვანებები გამოვლინდა. კერძოდ, ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება უტყუარად და სამართლიანად არ ასახავს მის ფინანსურ მდგომარეობას.
როგორც აუდიტი წერს, ყველა განხორციელებული ოპერაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში არ არის სრულად ასახული.
აუდიტის ფარგლებში გამოვლენილია შემდეგი ნაკლოვანებები:
- არ არის უზრუნველყოფილი ერთეულის მიერ განხორციელებული ყველა ეკონომიკური მოვლენის ბუღალტრულ ანგარიშებზე ასახვის სისრულე და შიდა კონტროლი;
- აუდიტის პროცესში შერჩეულ დებიტორებთან და კრედიტორებთან, გარე დადასტურების მიზნით გაგზავნილი დასტურის წერილების პასუხის მიხედვით, გამოვლინდა სხვაობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ფაქტობრივ და არსებულ სააღრიცხვო მონაცემებს შორის;
- არ არის აღრიცხული „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მატერიალური მარაგების მიღება-გაცემის ოპერაციები;
- აუდიტის ჯგუფს ვერ წარმოუდგინეს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური მარაგების რეესტრი, ასევე − ვერც მიმდინარე წლის აქტივებისა და მარაგების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია.
შედეგად, აუდიტმა ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჰოლდინგის წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული თანხების არსებობაზე, წარმოშობაზე, სისრულესა და სისწორეზე.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ აუდიტი მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, წმინდა აქტივებში/კაპიტალში ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, მათთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ განმარტებით შენიშვნებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დართულ შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას, გარდა მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთლობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა.




























