მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაიბარეს

საელჩო

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) ლონდონში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი (ბაჩო) საგანელიძე გამოიძახა. უწყება აპროტესტებს საქართველოს მთავრობის მიერ პარტნიორების, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებსაც „ცრუ ბრალდებებს და საჯარო თავდასხმებს“ უწოდებს.

ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესცენტრის თანახმად, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა - რომლის ვინაობაც საჯაროდ არ დასახელებულა, - საგანელიძესთან საუბარში „ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა“ საქართველოს „სულ უფრო საზიანო ტრაექტორიის მიმართ“.

სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი ავრცელებს შემდეგ ტექსტს:

„საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში დაიბარეს, სადაც მაღალჩინოსანმა ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა მათი ქვეყნის სულ უფრო მავნე ტრაექტორიის მიმართ და მკაცრად გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები.

ოპოზიციის ცნობილი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის უახლესი მცდელობაა. საარჩევნო კონკურენტების დაკავება შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, ასევე მათ საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბრიტანეთში ელჩი არ ჰყავს და დიპლომატიურ მისიას სწორედ საგანელიძე ხელმძღვანელობს. ის არის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები