მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სასამართლოს იმიჯი შებღალული აქვს და ყველა თავს არიდებს - ეკატერინე ეგუტია

649c7d7d7bc39
ალა ისპირიანი
28.06.23 23:00
1110
იურიდიული ფირმა EK Law Office-ს თანადამფუძნებელმა, ეკატერინე ეგუტიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობაზე, რადგან მისი მოსაზრებით ინვესტორისათვის ეს ფაქტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ინვესტორს უნდა შესთავაზო, რომ გამჭვირვალე სასამართლო სისტემა გვაქვს და სასამართლო დავებს გამჭვირვალედ გადაწყვეტს. მითუმეტეს დასავლელი ინვესტორისთვის, რომლისთვისაც სასამართლო ქვაკუთხედია მისი კომერციული საქმიანობისთვის. მან იცის, რომ რამე რომ მოხდეს, თუნდაც ხელისუფლება ჩაერიოს ან ქონება წაგართვას ან დავა ვინმე გავლენიან პირთან მოგივიდეს უნდა არსებობდეს მიუკერძოებელი სასამართლო, სადაც ინვესტორს იმედი ენება, რომ თავის სიმართლეს დაიცავს და დავა ნეიტრალურად, სამართლიანად გადაწყდება.

ჩვენ სასამართლოში მისვლაზე ყველა თავს არიდებს და ამიტომაც დებენ არბიტრაჟს და საზღვარგარეთ დავობენ. წარმოუდგენელი იქნება ჩინჩალაძემ იმსჯელოს ამ დავაზე- მითუმეტეს სანქცირებულები არიან და არც გადადგნენ - ჩვენ სასამართლოს იმიჯი შებღალული აქვს“, - განაცხადა ეკატერინე ეგუტიამ.

მან ამერიკულ სასამართლო პრაქტიკაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არა თუ ინვესტორმა, რიგითმა ამერიკელმაც კი იცის, რომ სასამართლოში სამართალს ყველა შემთხვევაში იპოვის.

„ყველაზე გაუნათლებელმა რიგითმა ამერიკელმაც კი იცის, რომ სასამართლოში მივა და თავის უფლებებს დაიცავს. მაგალითად, თუნდაც მას ხელისუფლებამ უფლებები შებღალოს, მან იცის, რომ ამ საქმეს სასამართლოში სამართლიანად გაარჩევს. შეიძლება წერა კითხვა არ იცოდეს და ეს იცოდეს, რომ მივა სასამართლოში და დაამტკიცებს - მისთვის ეს ის ინსტანციაა, სადაც სამართალს პოულობს.

ჩემთვის ერთ-ერთი მოტივაცია, რომ ამერიკაში იურიდიული პრაქტიკა მქონოდა ის არის, რომ აქ როგორც პროფესიონალს კმაყოფილება არ გამაჩნია. სასამართლოში რომ წარვდგები ვიცი, რომ შეიძლება ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყოს და სასამართლოში პოლიტიკური მართლმსაჯულება მიმდინარეობს და არა ის, რომ არგუმენტებს წარმოვაყენებ და ვიმსჯელებ და ვინმე ამას დააფასებს. ეს  როგორც პროფესიონალი ადვოკატისთვის საშინელებაა“, - განაცხადა მან.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 აპრილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

რაც შეეხება საარბიტრაჟო დავებს, მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობა ათზე მეტ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში არის ჩართული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ დავებში მოთხოვნილი კომპენსაციის საერთო მოცულობა 6,735,568,440 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები