მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სასამართლოშიც კი, [საზმაუს] ამ საქმეს აუცილებლად მოვუგებთ. წერტილი - ნინო ზაუტაშვილი

ნინო ზაუტაშვილი

"ვფიქრობ, ეს იყო პირდაპირი ბრძანება, რომ გადაცემა „რეალური სივრცე“ არ უნდა იყოს ეთერში, რადგან ის, რასაც იქ გაიგებდნენ ადამიანები, სხვაგან ვერ გაიგებდნენ“ - აცხადებს „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, რომელიც საზმაუდან 11 აპრილს გაათავისუფლეს.

ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზმაუდან გაათავისუფლეს - საზმაუს განცხადება

ნინო ზაუტაშვილს მიაჩნია, რომ საზმაუდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძის გადაწყვეტილებით გაუშვეს.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - სინამდვილეში ვინ და რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან.

„ჩემს ურთიერთობას საზმაუსთან წერტილი დაესვა. ზუსტად ამიტომ აღმოვჩნდი წერტილში. ჩემი შიდა რწმენით, სამსახურიდან ჩემი გაშვება ვასილ მაღლაფერიძის გადაწყვეტილებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაახმოვანა თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაილოვამ და თამარ შუბლაძემ. თინამ [საზმაუს დირექტორი] დამიბარა და მითხრა, რომ ჩვენი ურთიერთობის რესურსი არის ამოწურული. მე მინდა გითხრათ, რომ ეს რესურსი კარგა ხნის ამოწურული იყო, როდესაც ჩვენს ურთიერთობაში სიცრუე დაიწყო, რაც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ „რეალური სივრცე“ სხვადასხვა კონკრეტული მიზეზით - ხან ოლიმპიადა, ხან მკლავჭიდი, და ხან რა - ეთერში ვერ გადიოდა. მერე უკვე ამ ყველაფერს მიება არხის ახალ შენობაში, ახალ მისამართზე გადასვლის პროცესი, თუმცა არცერთი ქვეყნის მოსახლეობას არცერთი წამით არ უგრძნია, როცა ტელეკომპანია მისამართს იცვლიდა, რადგან არსებობს სტანდარტი, როგორ უნდა იმართოს ეს პროცესი ისე, რომ საზოგადოებაზე არ აისახოს - საზმაუს ნომერ პირველი ვალდებულებაა, მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდოს“, - აცხადებს ნინო ზაუტაშვილი.

როგორც ცნობილია, 11 აპრილს, ნინო ზაუტაშვილთან ერთად, საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც გაათავისუფლეს. ორივე ჟურნალისტი გეგმავს, მაუწყებლის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

ნინო ზაუტაშვილი დარწმუნებულია, რომ საზმაუს მენეჯმენტს ქართულ სასამართლოშიც კი მოუგებს.

„აბსოლუტურად ყველა წერილი ისეთი დარღვევებით არის შედგენილი, რომ საქართველოს სასამართლოშიც კი, რომელიც დღეს უზარმაზარ კითხვებს ბადებს, აუცილებლად მოვიგებთ ამ საქმეს. წერტილი. ჩვენ ცამდე მართლები ვართ და როცა მართალი ხარ, არაფრის გეშინია. თუ საჭირო გახდა, წავალთ სტრასბურგშიც და მთვარეზეც, მაგრამ საქმეს აუცილებლად მოვიგებთ, რადგან ჩვენ ვჭირდებით იმ ადამიანებს, ვინც საზმაუს მენეჯმენტს არ აინტერესებს და არ ახსოვს; ვინც არ ახსოვს სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც შეპყრობილია გაურკვეველი იდეებით. მრცხვენია, რომ ისინი საზმაუს სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენენ. ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი და პირველ რიგში, ამის არხის მენეჯმენტს უნდა რცხვენოდეს“, - აცხადებს ნინო ზაუტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზმაუს იმ 100-მდე თანამშრომელს შორისაა, რომელთაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას საჯარო განცხადებით გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ 28 ნოემბერს გაჟღერებული გადაწყვეტილება არღვევდა კონსტიტუციით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფის ვალდებულებას, რამაც გამოიწვია მასობრივი აქციები და მანიფესტაციები თბილისსა და რეგიონებში.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა. მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს", - ეწერა საზმაუს თანამშრომელთა ნაწილის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები